top of page

იგავი ლიდერობის შესახებ

Updated: Jun 4, 2021




„დიდი ხნის წინათ, ირლანდიაში ცხოვრობდა მეფე. იმ პერიოდში ირლანდიაში ბევრი პატარა სამეფო იყო. და არც ეს მეფე და არც მისი სამეფო დიდად არაფრით გამოირჩეოდა და არც არავინ აქცევდა მათ ყურადღებას.


მაგრამ ერთ დღეს, მეფემ საჩუქრად დიდი და მშვენიერი ალმასი მიიღო გარდაცვლილი ნათესავისგან. ალმასი წარმოუდგენელი სიდიდის იყო და განცვიფრებაში მოიყვანა ყველა მისი მნახველი. სხვა მეფეებმა მასთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვეს, ხან თვითონ სტუმრობდნენ და ხან თავისთან ეპატიჟებოდნენ ირლანდიის მეფეს, რადგან ასეთი ალმასის მფლობელი იყო, ესე იგი თავადაც განასკუთრებული უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ადამიანები,რომ ეს სასწაული ალმასი ენახათ. მეფეს თვალსაჩინო ადგილას ჰქონდა ალმასი გამოფენილი შუშის ყუთში, რათა ყველა მსურველს საშუალება ჰქონოდა ენახა ეს სილამაზე და დამტკბარიყო. რა თქმა უნდა შეიარაღებული მცველები ფხიზლად დარაჯობდნენ სამეფოს მთავარ საგანძურს. მეფეც და სამეფოც გაიფურჩქნა და ბარაქით აივსო, და მეფე ბუნებრივია ამ წარმატებას ალმასის დამსახურებად თვლიდა.


ერთ დღეს აღელვებულმა მცველმა ითხოვა მასთან შეხვედრა. საშინელი ამბავი ამცნო მეფეს - ალმასს ბზარი გაუჩნდა! ბზარი პირდაპირ ალმასის შუაგულში გადიოდა! მეფეს თავზარი დაეცა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა შუშის ყუთისკენ, რომ ალმასი საკუთარი თვალით ენახა. საშინლად დამახინჯებულიყო მისი სათაყვანებელი ალმასი.


სამეფოს ყველა ოქრომჭედელი დაიბარეს და რჩევა ჰკითხეს. სამწუხაროდ ვერავინ უთხრა სანუგეშო სიტყვა. ბზარი იმდენად ღრმა იყო, თქვეს ოქრომჭედლებმა, რომ თუ მის გაქლიბვას შეეცდებოდნენ, ალმასისგან ფაქტიურად აღარაფერი დარჩებოდა და თუ მას ორ ნაწილად გაჭრიდნენ, შესაძლოა მილიონ პატარა ნაწილად დაფშხვნილიყო.


როცა მეფე ამ საშინელ შესაძლებლობებს შორის არჩევანზე ფიქრობდა, მოხუცი ოქრომჭედელი მოვიდა და უთხრა - ‘თუ ერთ კვირას მომცემ, რომ შენს ქვასთან დავყო, ვფიქრობ, შევძლებ მის შეკეთებას.’ თავდაპირველად მეფემ არ დაიჯერა მოხუცის სიტყვები, რადგან სხვა ოქრომჭედლები ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ალმასის შეკეთება შეუძლებელი იყო. მოხუცი დაჟინებით ცდილობდა მეფის დარწმუნებას. ბოლოს მეფე დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით, რომ ალმასი მის სასახლეს არ დატოვებდა. მოხუცმა მიიღო მისი პირობა და ერთი კვირით ჩაიკეტა სახელოსნოში, რომელსაც გარედან მცველები დარაჯობდნენ.


ერთი კვირა ადგილს ვერ პოულობდა მეფე დარდისგან. ესმოდა ქვაზე მუშაობის ხმები - ფხაჭნის, ხეხვის, მსუბუქი ბაგუნის ხმები. სასახლეში ყველას ეჭვი ეპარებოდა მოხუცი ნამდვილად შეძლებდა თუ არა ალმასის გადარჩენას.


ერთი კვირის შემდეგ, როგორც იქნა გამოვიდა მოხუცი ოქრომჭედელი სახელოსნოდან. მეფე და მცველები გულანთებულები შევიდნენ ოთახში, რათა მოხუცის ნახელავი ეხილათ. მეფეს სიხარულის ცრემელები წასკდა. ის გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მანამდე! მოხუც ხელოსანს ალმასის წვერზე საოცარი ვარდი გამოეთალა, და ბზარი, რომელიც ქვის შუაგულში ჩადიოდა, ვარდის ღეროდ გადაქცეულიყო.


ყველა ლიდერს აქვს განსაკუთრებული უნარი, ნიჭი, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინოა, რომელსაც ყველა ხედავს და შესაძლოა, ხოტბასაც ასხავს. თუმცა ძლიერი და გულწრფელი ლიდერები არ უარყოფენ მათში არსებულ ნაკლს, არ ცდილობენ მის შენიღბვას, რაც სწორედაც, რომ მათი ლიდერობის ძლიერი მხარეა.



ლიდერი ტრანსფორმაციის უფლებას აძლევს საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც, და ამით საკუთარ სისუსტეს ღირსებად გარდაქმნის: შიში სიმამაცეში გადაჰყავს, ამპარტავნება საკუთარი თავის პატივისცემაში, პერფექციონიზმი მოთმინებაში, სიბრაზე გაწონასწორებულობაში და ა.შ.


ლიდერს არ ეუხერხულება დახმარების თხოვნა, საკუთარი უძლურების აღიარება. ლიდერებად ყალიბდებიან და არა იბადებიან.


დღეს ლიდერობის და ლიდერის თემა სუპერ აქტუალურია. ზემოთ იგავით მოგითხრეთ, ჩემთვის კი ლიდერობა ნიშნავს ხელს უწყობდე შენ ირგვლივ მყოფ ადამაინებს ზრდა-განვითარებაში. ნამდვილ ლიდერს შესწევს უნარი ხელი შეუწყოს და დაეხმაროს სხვებს გახდნენ უფრო ეფექტურები და პროდუქტიულები. ჩემთვის, ლიდერობა ნიშნავს შეგეძლოს ადამიანების განლაგება შესაფერის დროს,შესაფერის ადგილას. ადვილი არ არის, მაგრამ თუ დაეხმარები ადამიანს, თავისი ადგილი იპოვოს, ის აუცილებლად წარმატებული იქნება.


და ბოლოს, ლიდერობა ნიშნავს შეგეძლოს ენდო და პატივი სცემდე ადამიანებს ვინც შენთან ერთად მუშაობს. თუ არ ენდობი ადამიანს, შეუძლებელია ის თქვენი გუნდის პროდუქტიული წევრი გახდეს. და როგორც იგავი ამბობს ვარდი შეიძლება გაიფურჩქნოს იქ, სადაც მანამდე ეკალი იყო მხოლოდ. მეც მუდამ ვცდილო ჩემი წარსული შეცდომები, სისუსტეები თუ წარუმატებლობები ვარდის ღეროდ ვაქციო.

მეფის ალმასის მოთხრობა აღებულია Clarence Thomson-ის წიგნიდან “Parables and the Enneagram” p.1-2 Metamorphous Press, Portland OR, 1996


Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page