სიძულვილის კარტოფილები
- Kety Tyson
- Apr 17, 2022
- 2 min read

შეგირდმა ჰკითხა ოსტატს:
- შეგიძლია მასწავლო როგორ ახერხებ მუდამ მშვიდ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში ყოფნას? არც კი მახსოვს, რომ ოდესმე ვინმეზე ნაწყენი, გაბრაზებული მენახე. მსურს, მეც შენნაირი ვიყო.
ოსტატმა ჩაიღიმა და უპასუხა: - გულში სიძულვილს არ ვუშვებ და, თუ შენ მართლა გსურს, რომ სულში სიმშვიდე გქონდეს, ერთი კარტოფილი და ერთი ტომარა მომიტანეო.
მოუტანა შეგირდმა ერთი კარტოფილი და ტომარა.
ოსტატმა უთხრა: - თუ იგრძნობ, რომ ვინმეს მიმართ წყენა სიძულვილში გადაგეზარდა, აიღე კარტოფილი, ერთ მხარეს შენი სახელი დააწერე, მეორე მხარეს კი იმ ადამიანის, ვისგანაც გეწყინა და ჩადე ეს კარტოფილი ტომარაში.
- სულ ეს არის? - იკითხა შეგირდმა.
- არა, - უპასუხა ოსტატმა. - საჭიროა, რომ ეს ტომარა ყოველთვის და ყველგან თან ატარო. ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს მიმართ წყენა სიძულვილში გადაგეზრდება, კიდევ ერთი კარტოფილი დაამატე შენს ტომარას.
შეგირდი იმ დღესვე შეუდგა დავალების შესრულებას... გადიოდა ხანი... ტომარა ნელ-ნელა ივსებოდა და, შესაბამისად, მძიმდებოდა. ძალიან მოუხერხებელი გახდა მისი თან ტარება, თანაც, თავდაპირველად ჩადებულ კარტოფილს უკვე სიდამპლე შეერია, ნელ-ნელა სლიპინა, მყრალი ნივთიერებით დაიფარა, რაღაც წანაზარდები გაუჩნდა და საშინელი სუნი ასდიოდა.
მივიდა შეგირდი ოსტატთან და შესჩივლა: - ამ ტომრის თან ტარება უკვე შეუძლებელია. ჯერ ერთი, ტომარა ძალიან დამძიმდა, და, თანაც, კარტოფილი გაფუჭდა და საზიზღარი სუნი ასდის. იქნებ სხვა რამ მირჩიო, ოსტატო?
ოსტატმა უპასუხა: - აბა დაფიქრდი, როგორ გავს ეს იმას, რაც შენს სულში ხდება - როცა ვიღაცის მიმართ წყენას უშვებ გულში, ჩათვალე, რომ სულში „კარტოფილი“ გაგიჩნდა. უბრალოდ ამას მაშინვე ვერ ამჩნევ. შემდეგ „კარტოფილების“ რაოდენობა იზრდება - ქმედებები ჩვევებად გადაიქცევა, ჩვევები ხასიათად ყალიბდება, რომელსაც წყენის მანკიერი თვისება, მყრალი სუნივით, მუდამ თან ახლავს. სიძულვილის მყრალი სუნი შენს გულს აბინძურებს და, სადაც არ უნდა წახვიდე, ეს სუნი თან დაგყვება. თუ აყროლებული კარტოფილების სუნს ერთი კვირა ძლივს გაუძელი, წარმოგიდგენია, როგორი სიმყრალე ექნება სიძულვილს, რომელსაც წლობით ატარებ გულში?
ყოველ ჯერზე, როდესაც რამე გეწყინება, გულში ჩაიხვევ და სიძულვილში გადაზრდი, დაფიქრდი - გჭირდება ეს მყრალი კარტოფილი?!






Comments