სიტყვის ძალა ანუ ამბავი ორი ბაყაყისა
- Thea Gotsadze
- Jun 4, 2021
- 1 min read

ორი ბაყაყი შემთხვევით ღრმა ორმოში ჩავარდა. ზემოთ მყოფი ბაყაყები ორმოს გარშემო შეგროვდნენ და რომ დაინახეს როგორი ღრმა, სლიპინა და ციცაბო იყო ორმოს კედლები, ჩასძახეს უიღბლო ბაყაყებს - "აზრი არა აქვს წვალებას, მაინც არაფერი გამოგივათ, შეუძლებელია მაგ ორმოდან ამოსვლა"ო. მაგრამ ორმოში ჩავარდნილი ბაყაყები ყურად არ იღებდნენ ამ “რჩევებს” და ცდილობდნენ რამენაირად თავი დაეღწიათ და ამომხტარიყვნენ ორმოდან.
ზემოთ მყოფი ბაყაყები არ ჩერდებოდნენ: "შეუძლებელია ამოსვლა, რა გაფართხალებთ?! გაჩერდით და ღირსეულად მიიღეთ სიკვდილი! ორმო ძალიან ღრმაა! ძალიან სლიპინა თათები გაქვთ და კედლებს ვერ მოეჭიდებით მაინც!"
ბოლოს ერთი ბაყაყი დანებდა, დაწვა და სრულიად შეწყვიტა მცდელობა. მეორე კი არ გაჩერებულა - რაც ძალა ჰქონდა ცდილობდა ამომხტარიყო ორმოდან. ხტებოდა, ვარდებოდა, დგებოდა და ისევ ცდილობდა ამოხტომას. გული ამოუჯდა. დაიღალა, მაგრამ არ ყრიდა ფარ-ხმალს. ზემოთ შეგროვილი ბაყაყები ისევ ჩასძახოდნენ - გაჩერდი, რას წვალობ, მაინც არაფერი გამოგივაო! უკანასკნელი ძალები მოიკრიბა ბაყაყმა, მთელი თავისი ენერგია ჩადო ნახტომში და ამოხტა.
შემოეხვივნენ დანარჩენი ბაყაყები და გაკვირვებულებმა ჰკითხეს: “ეს როგორ მოახერხე? ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელი იყო?!” პასუხად ბაყაყმა გაოცებულმა შეხედა და ჟესტებით რაღაცის ახსნა დაიწყო. მაგრამ სამწუხაროდ არავის ესმოდა მისი. უცებ წინ მოხუცი გომბეშო გამოვიდა და თქვა, რომ მას ესმის ჟესტების ენა და გადაუთარგმნა დანარჩენებს რის თქმას ცდილობდა ბაყაყი: “დიდი მადლობა რომ მამხნევებდით და მეხმარებოდით მთელი ამ ხნის მანძილზე. რომ არა თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება, თქვენი თანაგრძნობა, ვერასდროს ამოვიდოდი იმ ორმოდან.”
თქვენ თუ გახსენდებათ სიტუაცია, როცა სიტყვებმა ძალა წაგართვათ, ფარ-ხმალი დაგაყრევინათ ან პირიქით - ენერგიით აგავსოთ და თითქოსდა შეუძლებელი შეგაძლებინათ? ეს სიტყვები ხან გარშემომყოფებისაგან გვესმის და ხან შესაძლებელია, თავადაც ვეუბნებოდეთ ჩვენს თავს.
უდიდესი ძალა აქვს სიტყვებს! ვისწავლოთ ამ ძალის ეთიკური გამოყენება!!!






Comments