ამბავი ბიჭისა და ზღვის ვარსკვლავების შესახებ
- Kety Zhvania-Tyson
- Feb 2, 2021
- 3 min read
Updated: Jun 15, 2021

რამდენიმე დღის წინ კოლეგას ვესაუბრებოდი და გულდაწყვეტით თქვა მან - “მიუხედავად იმისა, რომ დიდ ენერგიას ვდებ ჩემს საქმეში, ისეთი განცდა მაქვს, რომ დიდ ვერაფერ ცვლილებას ვერ ვახდენ ამ სამყაროშიო”.
ნაცნობი თემაა ჩემთვის. მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე და ამიტომ, მინდა ჩემი საყვარელი ამბავი გაგიზიაროთ ბიჭისა და ზღვის ვარსკვლავების შესახებ.
***
ერთ დღეს მოხუცი კაცი ოკეანის სანაპიროზე მისეირნობდა. წინა დღის შტორმს ათასობით ზღვის ვარსკვლავი გამოერიყა და მთელი სანაპირო, სადამდეც თვალი გასწვდებოდა, ამ ლამაზი არსებებითიყო მოფენილი. მოხუცმა შორიახლოს ახალგაზრდა ბიჭს მოჰკრა თვალი, რომელიც ქვიშიდან რაღაცას იღებდა და წყალში ისროდა.
სანაპირო ამ დროს, როგორც წესი, უკაცრიელი იყო ხოლმე და მოხუცი ცოტა ხანს შეყოვნდა, რომ ბიჭისთვის ეცქირა.
ბიჭი ნელა მოიწევდა მისკენ და ერთი და იმავე მოძრაობას იმეორებდა - იხრებოდა, იღებდა რაღაცას ქვიშიდან და წყალში ისროდა.
- რას აკეთებ მანდ, ყმაწვილო? - გასძახა მოხუცმა ბიჭს და მიუახლოვდა.
- სანაპიროზე გამორიყულ ზღვის ვარსკვლავებს ვაბრუნებ უკან წყალში, თორემ დაიღუპებიან. - უპასუხა ბიჭმა.
მოხუცი რამდენიმე წამს ჩუმად იყო.
- ყმაწვილო - უთხრა ბოლოს, - სანაპიროს მხოლოდ ამ მცირე მონაკვეთზე, რომელზეც ახლა ვდგავართ, სულ ცოტა ასი ზღვის ვარსკვლავია გამორიყული. დარწმუნებული ვარ, აი იმ ბორცვის მიღმა, მინიმუმ კიდევ ათასი მაინც იქნება და ასეა კილომეტრებზე გადაჭიმულ სანაპიროზე - 10 წელია ამ სანაპიროზე დავდივარდა დამიჯერე, ვიცი რასაც გეუბნები. სავარაუდოდ მილიონი ზღვის ვარსკვლავი იქნება გამორიყული. მაპატიე ამას რომ გეუბნები, მაგრამ ნამეტანი დიდ საქმეს შეჭიდებიხარ და შეუძლებელია ამას თავი გაართვა. რაც არის, ამას ვერ შეცვლი.
ბიჭი დაიხარა, აიღო ქვიშიდან ერთი ზღვის ვარსკვლავი, რაც შეიძლება შორს მოისროლა წყალში, მოუბრუნდა მოხუცს, გაუღიმადა უთხრა: - „აი ამ ერთი ვარსკვლავის ცხოვრებაში მაინც ხომ შევცვალერაღაც“-ო.
***
ხშირად ამომიტივტივდება ხოლმე ეს მოთხრობა გონებაში, როცა იმაზე ვიწყებ დარდს, რამდენად მწირია ჩემი შესაძლებლობები უკეთესობისკენ შევცვალო სამყარო ჩემ გარშემო. ზოგჯერ იმაზეც მიფიქრია, ნეტავ როგორ გაგრძელდა ბიჭის და ზღვის ვარსკვლავების ამბავითქო და დღეს გადავაწყდი სწორედ ამ ამბის გაგრძელებას, ამიტომ ისიც მინდა გაგიზიაროთ.
ნაწილი II
ბიჭი სანაპიროზე დარჩა, მოხუცმა კი გზა განაგრძო, თან ფიქრობდა - დღეს საღამოთი სამეგობროში გავაზიარებ ამ უცნაური ბიჭის ამბავსო. საათი საათს მისდევდა, თანდათან მზემ დააჭირა, ბიჭი კი განაგრძობდა სანაპიროზე მოფენილი ზღვის ვარსკვლავების გადარჩენას.
ნელ-ნელა სანაპიროზე სხვებიც გამოჩნდნენ საბანაოდ და დასასვენებლად გამოსულები. რამდენიმე შეჩერდადა ბიჭის დახმარება დაიწყო. თავდაპირველად პატარა გოგონა და დედამისი შეუერთდნენ, შემდეგ კიდევ ერთი ოჯახი, და მალე სანაპიროზე რამდენიმე პატარა ჯგუფი მუშაობდა ზღვის ვარსკვლავების ოკეანეში დასაბრუნებლად.
შუადღისას იმდენი ადამიანი ჩაერთო ამ საქმიანობაში, რომ სხვების ყურადღებაც მიიქცია. ვიღაცამ წყალი და სასუსნავი მოიტანა მოხალისებისთვის. ვიღაცამ ნაცნობ ჟურნალისტებს გადაურეკა და მალე სანაპიროზე ერთ-ერთი სატელევიზიო პროგრამის ოპერატორები გამოჩდნენ. ცოტა ხანში ეთერში „ზღვის ვარსკვლავების გადარჩენის კამპანიის შესახებ“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც საზღვაო ბიოლოგიის პროფესორმა და მერიის წარმომადგენლებმაც ნახეს.
ეს ორნი ერთმანეთს სანაპიროზე შეხვდნენ. უკვე მოსაღამოვებულიყო. სანაპიროზე ხალხი არ კლებულობდა - ფრთხილად აყავდათ ქვიშიდან ზღვის ვარსკვლავებს და რაც შეიძლება შორს ისროდნენ წყალში. პროფესორს იდეა გაუჩნდა თუ როგორ აეცილებინა თავიდან მომავალში ზღვის ვარსკვლავების ასეთი მასიური გამორიყვა სანაპიროებზე. მერიის წარმომადგენელმა სთხოვა - პროექტი გაეცნო პირადად მისთვის. არჩევნები კარზე იყო მომდგარი და ასეთი პროექტი დადებითად იმოქმედებდა მის წინასაარჩევნო კამპანიაზე.
აი ასე დაიბადა პროექტი „გადავარჩინოთ ზღვის ვარსკვლავები“, რამაც სხვა ქალაქებსაც უბიძგა მსგავსი პროგრამების განხორციელება დაეწყოთ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში.
თქვენ როგორი ცვლილებები გინდათ მოახდინოთ სამყაროში?
ხანდახან საქმეს ხელს არ ვკიდებთ იმდენად დიდი და შეუძლებელი გვეჩვენება „პრობლემა“. მაგრამ თუ ამ ბიჭის მაგალითს მივბაძავთ და თუნდაც მცირე, მაგრამ პოზიტიურ ცვლილებას შევიტანთ სამყაროში, ეს „ტალღოვან ეფექტს“ შექმნის, აი კენჭს რომ ჩააგდებ წყალში და ტალღებს რომ გამოიწვევს. ამიტომ, როგორც კი მოგეცემათ შანსი გააკეთოთ „კეთილი საქმე“, თქვენი სიტყვა თქვათ, თქვენი აზრი დააფიქსიროთ, ბევრს ნუ იფიქრებთ რამდენად შეცვლის ეს „დიდ სურათს“, უბრალოდ გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც პირადად თქვენ შეგიძლიათ, რადგან შეიძლება ამით ვიღაცის ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ და შესაბამისად, პოზიტიური ცვლილება მოახდინოთ სამყაროში☺ შემდეგ კი შეიძლება სხვა ადამიანებიც დაინტერესდნენ, აგყვნენ, თქვენი მაგალითი გადაიღონ, გაერთიანდნენ და ამით შექმნით შესაძლებლობას ერთობლივად განახორციელოთ ის, რასაც ცალ-ცალკე, ვერცერთი თქვენთაგანივერ მოახერხებდა.
Comments