top of page

საინტერესო კავშირი ჩვენი სხეულის მდგომარეობასა და გუნება-განწყობას შორის

Updated: Jan 27, 2023

ბოლო წლებია მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ ის რეალობა, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში აღმოვჩნდით, სადაც დროის დიდი ნაწილი კომპიუტერებთან და მობილურ ტელეფონებთან თავდახრილები ვატარებთ, შესაძლოა იყოს კატასტროფული ტემპით მზარდი დეპრესიის მიზეზი.


რა ინსტრუმენტები გამოვიყენოთ, რომ უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი?

გაეცანით მკვლევარების მიგნებებს იმის შესახებ, რომ დიდია ალბათობა ტელეფონთან მიჯაჭვულობამდეპრესია გამოიწვიოს.


როცა სევდა და დარდი შემოგაწვებათ, ან თუ ჩათვლით, რომ დეპრესია შემოგეპარათ, ყურადღებით დააკვირდით საკუთარ პოზას - როგორ ზიხართ, როგორ დგახართ, როგორ დადიხართ, როგორ გიჭირავთ თავი. მეცნიერები, რომლებიც ჩვენს კოგნიტურ უნარებს სწავლობენ, ამტკიცებენ, რომ ამ დროს დიდია ალბათობა, რომ წინ ხართ გადახრილი, მხრები ზემოთ და წინ გაქვთ გადმოწეული, კისერი მხრებშია ჩარგული, თავი კი დახრილია.


შესაძლოა ასე იმიტომ ზიხართ (დგახართ, დადიხართ), რომ დადარდიანებული ხართ, მაგრამ მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ დარდის განცდა ასევე კავშირშია იმასთან, თუ როგორ ზიხართ. ეს ფილოსოფია ცნობილია როგორც განსხეულებული კოგნიტიურობა, იდეა, რომ კავშირი ჩვენს გონებასა და სხეულს შორის ორმხრივია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტვინი ზეგავლენას ახდენს იმაზე, როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული, მაგრამ სხეულის მდგომარეობაც ასევე განსაზღვრავს რაზე კონცენტრირდება ჩვენი ტვინი.


თავის არაჩვეულებრივ TED 2012 წლის გამოსვლაზე ემი კადიმ (Amy Cuddy) გაგვიზიარა, რომ დღეში ერთხელ გაკეთებულ სულ ორწუთიან „სუპერმენის პოზას“ შეუძლია შეცვალოს როგორ აღვიქვავთ ადამიანები საკუთარ თავს.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია აქ ის, რომ გარშემომყოფებისათვის უფრო თავდაჯერებული ვჩანვარ, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს რეალური ცვლილებები ხდება ჩვენს ორგანიზმში, ეს არის ჰორმონალური ცვლილება - ტესტოსტერონის დონის აწევა და კორტიზოლის, ანუ სტრესის ჰორმონის, დაქვეითება ტვინში.


„ტვინში არის ნაწილი, რომელიც თავდაჯერებულობაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ როცა ეს ადგილი გააქტიურებულია, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ და რამ გამოიწვია ეს,“ ამბობს ფსიქოლოგიის პროფესორი რიჩარდ პეტტი. „რთულია განასხვავო ბუნებრივი თავდაჯერებულობა იმ თავდაჯერებულობისგან, რომელიც თავაწეული, გამართული დგომისაგან იქმნება... ეს ორი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, როგორც ბედნიერების განცდა იწვევს ღიმილს, და ღიმილი იწვევეს ბედნიერების განცდას. "


2009 წელს ევროპის სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა რიჩარდ პეტტის და მისი კოლეგების მიერ კოლეჯის 71 სტუდენტზე ჩატარებული კვლევის შედეგები. ცდისპირებს მისცეს დავალება დამჯდარიყვნენ ან „ გამართულები და თავაწეულები“ და „მკერდი წინ გამოეწიათ“ ან „წინგადმოხრილები“ და „მუხლებისკენ თავდახრილები“.


ამ პოზიციებში მყოფ სტუდენტებს მიეცათ დავალება, ჩამოეწერათ საკუთარი სამი პოზიტიური ან ნეგატიური თვისება, რომელიც მათი აზრით ზეგავლენას მოახდენდა მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობასა და ამ საქმიანობისგან მიღებულ კმაყოფილების განცდაზე. ამის შემდეგ სტუდენტებს უნდა შეევსოთ კითხვარი და შეეფასებინათ საკუთარი თავი მათი აზრით რამდენად წარმატებულად გაართმევდნენ თავს საქმეს, როგორც მომავალი პროფესიონალები.


მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სტუდენტების მიერ საკუთარი თავის შეფასება დამოკიდებული იყო იმ პოზაზე, რომელშიც ისხდნენ როცა ჩამოწერეს საკუთარი პოზიტიური ან ნეგატიური თვისებები.

როცა სტუდენტები თავაწეულები და გამართულები ისხდნენ, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის პოზაში, მათ ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებების რწმენა, მიუხედევად იმისა ეს ფიქრები პოზიტიური იყო თუ ნეგატიური. მეორეს მხრივ, როცა სტუდენტები საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანის პოზაში ისხდნენ, არ ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებების რწმენა, იყო ეს პოზიტიური თუ ნეგატიური.


ასევე დაფიქსირდა, რომ ვინც წელში გამართული და თავაწეული იჯდა, პოზიტიური ემოციები მოსდიოდა და უფრო მეტად პოზიტიურ თვისებებს აღწერდა საკუთარი თავის შესახებ, მაშინ, როცა იმათ, ვინც მხრებჩამოყრილი იჯდა, უფრო მეტად ეფიქრებოდათ „უიმედო, ნეგატიურ“ ემოციებზე და შესაბამისად ასეთ თვისებებს აღწერდნენ, წერს სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ პეპერი.

როგორც პეპერმა ექსპერიმენტების მეშვეობით დაადასტურა, მხრებში მოხრილ, უღონო პოზიციაში ყოფნისას უფრო ადვილია მოვექცეთ ნეგატიური ფიქრებისა და მოგონებების გარემოცვაში, ხოლო გამართულ, თავაწეულ პოზიციაში უფრო ადვილია გვქონდეს პოზიტიური ფიქრები და მოგონებები.


„ემოციები და ფიქრები ზეგავლნას ახდენს ჩვენს პოზაზე და ენერგიის დონეზე; და ამავე დროს, ჩვენი პოზა და ენერგია ზეგავლენას ახდენს ჩვენს ემოციებსა და ფიქრებზე,“ ვკითხულობთ პეპერის ერთ-ერთ სტატიაში 2021 წლის კვლევების შესახებ, და სულ ორწუთიანი ენერგიული, ხალისიანი ნაბიჯით გავლა (და არა თავჩაქინდრული, მხრებჩამოყრილი, დაღვრემილი სახით, ფეხათრევით სიარული) უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ენერგიის დონეზე. ისევე როგორც ემი კადი, პეპერის კვლევაც აჩვენებს რომ სულ 2 წუთია საჭირო ჩვენი ჰორმონალური სურათის შესაცვლელად, ანუ თქვენ თავად შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ტვინის ქიმიური პროცესები და შეცვალოთ თქვენი ცხოვრებაც.


რადგან ჩვენი პოზა ასე მოქმედებს ჩვენს განწყობასა და ფიქრებზე, კომპიუტერის წინ არასწორ პოზაში საათობით ჯდომა, ტელეფონის ეკრანზე მუდმივად ქვემოთ დახრილი თავით დაჩერება, მოხრილი ზურგით დგომა-სიარული შესაძლებელია ზეგავლენას ახდენდეს ბოლო წლებში დეპრესიის მზარდ სტატისტიკაზე. პეპერი და მკვლევარების მისი გუნდი გვირჩევენ, რომ ყურადღება მოვაქციოთ ჩვენს პოზას, რადგან სწორედ მასთანაა დაკავშირებული ენერგიის დონის ვარდნა, აქედან კი დეპრესიული მდგომარეობის განვითარება. მხრებში მოხრა, დახრილი თავი ასევე ზეგავლენას ახდენს გახშირებულ თავის, კისრის და მხრების ტკივილზე.


ამ კვლევებზე დაყრდნობით პეპერი გვირჩევს, რომ თუ მანქანას ატარებთ, ისე დააყენეთ უკანა ხედვის სარკე, რომ ცოტა გამართულად მოგიწიოთ მანქანის ტარებისას სავარძელში ჯდომა. ტელეფონზე მესიჯების კითხვისას, თავს დაბლა კი ნუ დახრით, ტელეფონი ამოიტანეთ თვალების დონეზე. თუ გავიწყდებათ, რომ გაიმართოთ ხოლმე და თავი ასწიოთ, შემახსენებლები დაიყენეთ ტელეფონზე, კომპიუტერზე, ფერადი ბარათები გააკაროთ სახლში კედლებზე.


მოდით შევაჯამოთ ამ კვლევების შედეგები - სხეულის მდგომარეობა, პოზა ზეგავლენას ახდენს ჩვენს ფიქრებზე, რომლებიც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ემოციებზე, რომლებიც თავის მხრივ უბრუნდება და ზეგავლენას ახდენს სხეულზე და ა.შ.


თუ ადრე გვეგონა, რომ ეს მხოლოდ ცალმხრივი პროცესი იყო, ეხლა ვიცით, რომ თავად შეგვიძლია შევცვალოთ ის თუ როგორ ვფიქრობთ, რას და როგორ ვგრძნობთ და როგორ გამოვიყურებით.


იმეგობრეთ თქვენს სხეულთან და იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

תגובות


სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page