წარმოსახვის ძალა: როგორ შევხვდეთ ისტორიის დიდ მოაზროვნეებს ანუ დროში მოგზაურის გზამკვლევი
- Kety Tyson
- Jul 30, 2024
- 3 min read

"იმისათვის, რომ იფრინო ფიქრის სიჩქარით, ანუ გაჩნდე იქ, სადაც მოისურვებ, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შეიგნო, რომ უკვე მიფრინდი..."
რიჩარდ ბახი. "თოლია ჯონათან ლივინგსტონი"
მეგობრებო, ჩემი საყვარელი თოლია ჯონათან ლივინგსტონის თავგადასავლიდან ერთი ფრაგმენტი მინდა გავიხსენო:
"- ჩიანგ, - მიმართა აღელვებულმა ჯონათანმა.
მოხუცმა თოლიამ ალერსიანად შეხედა: ,,გისმენ შვილო“, უხუცესი ნაცვლად იმისა, რომ წლებთან ერთად დასუსტებულიყო, სულ უფრო ძლიერდებოდა.
ყველა თოლიაზე სწრაფად დაფრინავდა და სრულყოფილად ფლობდა ისეთ ილეთებს, სხვები რომ მხოლოდ ეცნობოდნენ.
- ჩიანგ, ეს ზეცა არ არის, ხომ მართალია?
მთვარე ანათებდა, უხუცესმა გაიღიმა
- შენ ჯერ კიდევ სწავლობ, ჯონათან, - თქვა მან.
- კარგი, მაგრამ წინ რა გველოდება? საით მივდივართ? ნუთუ არ არსებობს ისეთი ადგილი, ზეცა რომ ჰქვია?
- არა, ჯონათან, ეგეთი ადგილი არ არსებობს. ზეცა არც ადგილია, არც დრო. ზეცა სრულყოფილების დაუფლებაა. - უხუცესი წუთით დადუმდა. -რამდენადაც ვიცი, შენ ძალიან ჩქარა დაფრინავ, არა?
- მე? ... მე მიყვარს სისწრაფე. - ჯონათანი შეცბა და ამავე დროს, ეამა უხუცესის ყურადღება.
- ზეცას მაშინ მიუახლოვდები, ჯონათან, როცა სრუყოფილ სიჩქარეს მიაღწევ. ეს არ ნიშნავს ათასი-მილი საათში, ან მილიონი ან თუნდაც სინათლის სიჩქარე განავითარო, რამეთუ ნებისმიერი რიცხვი მაინც ზღვარია, სრულყოფილებამ კი საზღვრები არ იცის. მიაღწიო სრულყოფილ სიჩქარეს, შვილო ჩემო, ნიშნავს - გაჩნდე იქ.
ჩიანგს მეტი არაფერი უთქვამს, უცაბედად გაქრა და იმავე წამს წყლის პირთან გაჩნდა - დაახლოებით ორმოცდაათი ფუტის დაშორებით უწინდელი ადგილიდან. შემდეგ კვლავ გაუჩინარდა და წამის მეათედში ისევ ჯონათანის გვერდით აღმოჩნდა. ეს ისე, ხუმრობით - უთხრა მან.
ჯონათანი განცვიფრებული მისჩერებოდა, სულ დაავიწყდა ზეცის შესახებ რომ ეკითხებოდა.
- როგორ ახერხებთ ამას? რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს? რა მანძილზე შეგიძლიათ ფრენა?
- ნებისმიერ მანძლზე და ნებისემიერ დროში შეიძლება ფრენა, თუკი მოისურვებ, - უპასუხა მან. მე ყველგან და ყველა დროში ვყოფილვარ, სადამდეც ჩემს აზრს მიუღწევია.
- ჩიანგმა ზღვას გახედა. - უცნაურია, ის თოლიები, მოგზაურობის გულისთვის სრულყოფილებას რომ უარყოფენ, სინამდვილეში ვერსად მიდიან. ხოლო ვინც მოგზაურობას თმობს და სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, მთელ სამყაროს მოივლის ხოლმე. დაიხსომე, ჯონათან, ზეცა ადგილით და დროით არ განისაზღვრება, რადგან მათ მნიშვნელობა აღარ გააჩნიათ. ზეცა...
- შეგიძლიათ ასე ფრენა მასწავლოთ? - ახალი საიდუმლოს დაუფლების წინათგრძნობამ ჯონათანი ააკანკალა.
- რასაკვირველია, თუკი გსურს.
- ძალიან, ძალიან მინდა. როდის დავიწყებთ?
- შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ, საწინააღმდეგო თუ არაფერი გაქვს.
- თქვენსავით მინდა ვიფრინო. მითხარით რა გავაკეთო. - თქვა ჯონათანმა და თვალებში საოცარი სინათლე ჩაუდგა.
ჩიანგი წყნარად ლაპარაკობდა და უმცროს მეგობარს ყურადღებით აკვირდებოდა.
- ფიქრის სიჩქარით რომ იფრინო, ანუ გაჩნდე იქ, სადაც მოისურვებ, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შეიგნო, რომ უკვე მიფრინდი...
ძირითადი არსი, ჩიანგის თქმით, ის იყო, რომ ჯონათანს უნდა დაეძლია წარმოდგენა, თითქოს მისი არსება ტყვე იყო სხეულისა, რომელსაც ოცი დუიმის სიგრძის ფრთები ჰქონდა გამობმული და წინასწარდადგენილი შესაძლებლობებით იყო შეზღუდული. მთავარი იყო მიხვედრილიყო, რომ მისი ჭეშმარიტი "მე", ისეთივე სრულყოფილი, როგორც დაუწერელი რიცხვი, ერთდროულად არსებობდა სამყაროს ყველა წერტილში და დროის ნებისმიერ მონაკვეთში."
პირველივე შეხვედრიდან შემიყვარდა ჯონათანი, და გადავწყვიტე მეც თოლია გავმხდარიყავი. დადგა დღე, როცა დავიჯერე, რომ ჩვენი წარმოსახვა არის ის ძალა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გადავლახოთ დროისა და სივრცის საზღვრები. სწორედ ამ ძალას გამოვიყენებთ ჩვენს მოგზაურობაში.
ჩვენი "დროში მოგზაურის გზამკვლევი" წარმოადგენს ბლოგების სერიას, სადაც თითოეული ბლოგი იქნება უნიკალური "შეხვედრა" ისტორიის გამორჩეულ პიროვნებებთან. ყოველი ასეთი შეხვედრა მოგვცემს შესაძლებლობას, ვისწავლოთ მათგან და გამოვიყენოთ მათი სიბრძნე ჩვენს პიროვნულ განვითარებაში.
თითოეული ბლოგი შედგება შემდეგი საინტერესო სეგმენტებისგან:

ციტატა: ყოველი შეხვედრა დაიწყება შთამაგონებელი ციტატით, რომელიც გამოხატავს ჩვენი სტუმრის ფილოსოფიას ან ცხოვრებისეულ ხედვას.
დამაფიქრებელი ისტორია: მოკლე, მაგრამ ღრმა აზრის მატარებელი ამბავი, რომელიც დაგვაფიქრებს და მოგვამზადებს მომდევნო დიალოგისთვის.
დიალოგი: წარმოსახვითი საუბარი ჩემსა და ისტორიულ პიროვნებას შორის, სადაც განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს პიროვნული განვითარების შესახებ.
კითხვები თვითჩაღრმავებისთვის: რეფლექსიისთვის განკუთვნილი კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ გააანალიზოთ და გამოიყენოთ მიღებული ცოდნა საკუთარ ცხოვრებაში.
QR კოდები: ამ კოდების საშუალებით შეძლებთ გადახვიდეთ დამატებით ციფრულ რესურსებზე, რათა უფრო ღრმად გაეცნოთ განხილულ თემებსა და პიროვნებებს.
დავალებები: პრაქტიკული სავარჯიშოები და გამოწვევები, რომლებიც დაგეხმარებათ რეალურ ცხოვრებაში გამოსცადოთ და დანერგოთ ნასწავლი იდეები და მეთოდები.
მწერლის სტილი: თითოეული "შეხვედრა" დაიწერება კონკრეტული ცნობილი მწერლის სტილში, რაც არა მხოლოდ გაამრავალფეროვნებს თხრობას, არამედ საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ სხვადასხვა ლიტერატურულ მიმდინარეობას.






Comments