top of page

სხეულის გონიერება

Updated: Jan 28, 2021

ადამიანებში მუდმივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს იმ უნარების დადგენა და გამოვლენა, რომლებიც მათ მაღალეფექტურობასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. ვისაც ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ IQ-ინტელექტის კოეფიციენტის ტესტი, თქვენი ინტელექტის დასადგენად, შესაძლოა ისევე როგორც მე, თქვენც დაგწყვეტოდათ გული, თუ აღმოაჩინეთ, რომ გენიოსი არ ყოფილხართ . ბოლო წლებია მივხვდი, რომ მხოლოდ IQ ან EQ - ს (ემოციური გონიერება) განვითარება არ არის საკმარისი ჰარმონიული, გაწონასწორებული მოდელის შესაქმნელად. ამბობენ, როდესაც კითხვა ჩნდება, პასუხიც არ დააყოვნებსო. ჩემს კვლევა-ძიებაში აღმოვაჩინე ახალი მიმართულება, რომელსაც ადამიანის პიროვნული განვითარება-გაძლიერების სფეროში მომუშავე სპეციალისტები BQ - სხეულის გონიერებას უწოდებენ.

როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან ჰარმონიული თანაარსებობის გზების ძიებით. გარშემო გამუდმებით ისმის ადამიანების ჩივილი ენერგიის ნაკლებობაზე, ქრონიკულ გადაღლილობაზე, მოტივაციის დაკარგვაზე, სტრესსა და აპათიაზე. ამ ფონზე ახალი მიმართულების - BQ-ს (სხეულის გონიერების) - მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. BQ გვეხმარება დროულად და ადეკვატურად გამოვეხმაუროთ ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ საჭიროებებს და ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციაში მოვიდეთ.

იმისათვის, რომ მაღალი BQ გქონდეთ, სამი წახნაგის განვითარებაა საჭირო: 1. რამდენად გესმით, უგებთ თქვენს სხეულს (გაცნობიერება) 2. რა იცით საკუთარი სხეულის შესახებ (ცოდნა) 3. რას აკეთებთ თქვენი სხეულისთვის და თქვენს სხეულთან ერთად (სხეულის ჩართულობა). მხოლოდ მათი ერთიანობა ქმნის განვითარებულ BQ-ს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანსაღ თვითშეფასებას. მახსოვს სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილზე, აღმოვაჩინე, რომ კოორდინაცია მქონდა დარღვეული და სრულიად ასიმეტრიულად ვამოძრავებდი ხელ-ფეხს. მახსოვს, როგორ მოუხერხებლად, დაძაბულად ვგრძნობდი თავს ჩემს საკუთარ ტყავში. უკან რომ ვიყურები, შემიძლია დავინახო კავშირი ჩემი BQ-ს განვითარებასა (მაშინ, ბუნებრივია, არ ვიცოდი, რომ ასეთი პომპეზური სახელი ერქვა) და თვითშეფასების გაჯანსაღებაში. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო დედაჩემის წყალობით სპორტულ ორიენტირებაში ვარჯიშის დაწყება, შემდეგ რაღაც პერიოდი სამეჯლისო ცეკვების გაკვეთილები, ბოლოს კი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ინსტიტუტში სწავლა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტის პროფესიის დაუფლება..

საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ, რაც უფრო კომფორტულად და კარგად გრძნობს ადამიანი თავს საკუთარ სხეულში, რაც უფრო უკეთ აქვს განვითარებული საკუთარი სხეულის გაგების უნარი, მით მაღალია მისი BQ.

ფაქტია, რომ როგორი მაღალი IQ-ც არ უნდა გვქონდეს, და როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს ჩვენი EQ, თუ სხეულში ენერგია არ გვაქვს, საწვავი, რომელიც ამ არაჩვეულებრივ მექანიზმს მოძრაობაში მოიყვანდა, რთული იქნება დასახული მიზნების მიღწევა და ზოგადად ხარისხიანი, ხალისიანი, და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრება. ჩვენც გვჭირდება ამ მიმართულებით მოძრაობა და განვითარება. მაშინ როდესაც პანდემიამ სრულიად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების სტილი და ახალი წესები დაგვიწესა, Covid-19 ის ფონზე BQ-კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება.

მაშ ასე, წინ საკუთარი სხეულების გასაცნობად!

 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page