top of page

საუკეთესო ფილმები დაოჯახებული წყვილებისთვის

თქვენი აზრით რა განსხვავებაა მეგ რაიანის (Meg Ryan) ორ ფილმს “როცა მამაკაცს უყვარს ქალი” და “როცა ჰარი შეხვდა სალის” შორის? როგორც ერთი საინტერესო კვლევა ადასტურებს, ამ ორიდან ერთ-ერთ ფილმს შეუძლია წყვილის განქორწინების შანსი ნახევრამდე დაიყვანოს, მეორეს კი არა. არ გეხუმრებით. არსებობს მეცნიერული კვლევა, რომელიც ამას ადასტურებს :)




დღეს დილით ვფიქრობდი, რომ მე და როკის (ჩემი მეუღლე) კარგა ხანია უკვე ერთად ფილმი აღარ გვინახავს (ორივენი რა თქმა უნდა სუპერ დაკავებულები ვართ) და გადავწყვიტე მომეძებნა რას გვირჩევენ სპეციალისტები (მითუმეტეს, რომ კვირის რუბრიკისთვის სწორედ ფილმების შესახებ უნდა გავამზადო პოსტი). ამ კვლევა-ძიებაში გადავაწყდი ძალიან საინტერესო ინფორმაციას - როჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა დოქტორ რონალდ როგგემ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ფილმი ისეთივე ეფექტური შეიძლება გამოდგეს წყვილისთვის, როგორც ოჯახური თერაპია. დოქტორ როგგემ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც ლოს ანჟელესის 174 ახლად დაოჯახებული წყვილი მონაწილეობდა. ცდის პირები სამ ჯგუფად დაჰყვეს.


პირველ ჯგუფს გადაეცა ურთიერთობებზე ორიენტირებული ფილმების ჩამონათვალი და დაევალათ ეყურებინათ ხუთი ფილმისთვის და ამის მერე აუცილებლად ემსჯელათ ნანახის თაობაზე.

მეორე ჯგუფი ქორწინებისთვის მოსამზადებელ ტრადიციულ ტრენინგებს ესწრებოდა.

მესამე ჯგუფს არაფერი დაევალა.


სამი წლის შემდეგ, ორივე ჯგუფი, რომელმაც ან უყურა და იმსჯელა ფილმების შესახებ, ან გაიარა ქორწინებისთვის მოსამზადებელი ტრადიციული ტრენინგები, ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა და კვლავ ქორწინებაში იმყოფებოდა, ვიდრე მესამე, საკონტროლო ჯგუფს.


დიახ! როგორც ჩანს არსებობს ფილმები, რომლებიც ეხმარება წყვილებს გადალახონ ურთიერთობებში არსებული სირთულეები და ამცირებენ განქორწინების ალბათობას.


მაშ რომელ ფილმებს ვუყუროთ?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა შეარჩიოთ ისეთი ფილმები, რომლებიც ქორწინებაში არსებულ რაიმე პრობლემას განიხილავს. მაგალითად ფილმი, რომელიც ზემოთ ვახსენე “როცა მამაკაცს უყვარს ქალი” ალკოჰოლიზმის თემაზე საუბრობს, და მდიდარ მასალას იძლევა ჩაღრმავებული საუბრებისათვის. რადგან ფილმის მხოლოდ ყურება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ წყვილის ურთიერთობებზე თერაპიული ეფექტი მოახდინოს - საჭიროა ნანახის შესახებ საუბარი. გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ კითხვებს, რომლებიც მკვლევარებმა გამოიყენეს, და შექმენით თქვენი საკუთარი, თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვების ჩამონათვალი:


რა ძირითადი პრობლემების წინაშე იდგა წყვილი?

ხედავთ თუ არა რაიმე მსგავს პრობლემას თქვენს ურთიერთობებში?

რა მოგეწონათ ან არ მოგეწონათ იმაში, თუ როგორ გადალახა წყვილმა არსებული პრობლემა?

რა მოგეწონათ ან არ მოგეწონათ იმაში, თუ როგორ ახდენდა წყვილი საკუთარი გრძნობების და ემოციების გაზიარებას?

როგორ უმკლავდებოდნენ გმირები რთულ ემოციებს და გულისტკივილს?

რამდენად ძლიერი იყო წყვილის მეგობრობა?

მოდით თავიდან დოქტორ როგგეს ფილმების ჩამონათვალს გაგიზიარებთ, მერე ჩემი და როკის ჩამონათვალსაც გაგაცნობთ. ვეცადე ისეთი ფილმები ამერჩია, რომელიც ქართულ ან რუსულ ენაზეც შეიძლება ნახოთ მათ, ვინც ინგლისური ჯერ სათანადოდ არ იცით. 2014 წელს დოქტორ როგგეს მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ ათასობით წყვილმა გაიარა ფილმების თერაპიის პროგრამა. გიზიარებთ ამ კვლევის შედეგად შერჩეულ 10 ფილმს, რომელიც სიღრმისეული საუბრების და საინტერესო გაზიარებების საშუალებას იძლევა.



ჩემი და როკის რეკომენდაციები


და ბოლოს, ჩემი მეგობრის, თათია გოგიშვილის, მიერ გაზიარებული ფილმი, რომელიც მე ჯერ არ მინახავს, მაგრამ მის რეკომენდაციას თვლადახუჭული ვენდობი

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” (My Happy Family) - სამწუხაროდ მხოლოდ Netflix-ზე ვიპოვე. თუ გაქვთ ანგარიში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ.


დაგეგმეთ თქვენი შემდგომი პაემანი მეუღლესთან - აარჩიეთ ფილმი და უყურეთ ერთად. ალბათ ღირს შემდეგი სამი წლის მანძილზე რამდენიმე ფილმის ნახვა, მათი განხილვა, თუნდაც მცირეოდენი შანსი თუ გაქვთ, რომ ეს თქვენს ურთიერთობებს პოზიტიურად წაადგება.


დოქტორ როგგე კვლევის შედეგების აღწერისას წერს, “მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ცოლ-ქმარს საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, რას აკეთებენ კარგად და რას ვერ აკეთებენ არსებულ ურთიერთობებში. ამიტომ ხანდახან სულაც არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ათვისება იმისათვის, რომ არ მივიყვანოთ ურთიერთობა გაყრამდე. ხანდახან სრულიად საკმარისია დააფიქრო ადამიანები იმაზე, თუ როგორ იქცევიან მოცემულ მომენტში.”


საინტერესო საღამოს გისურვებთ თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად მეგობრებო!



 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page