როგორ აღვიქვათ ჩვენი საქმიანობის მიზანი ახლებურად?
- Kety Zhvania-Tyson

- Feb 12, 2021
- 1 min read

ყოველდღიურობაში ხშირად გვავიწყდება საკუთარი სურვილები და იმაზე ფიქრი თუ როგორ ვიყოთ ბედნიერები. ხშირად რუტინულ სამუშაოში ჩაფლულები, გაუცნობიერებლად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ვკარგავთ სწორ აღქმას, რატომ ვმუშაობთ და რა მიზანს ვემსახურებით. აღარ ვზრუნავთ თვითგანვითარებაზე, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე. ეს ხელს გვიშლის სწორი მიზნების დასახვასა და იმაზე ფიქრში თუ როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როგორც ქოუჩს, ხშირად მიწევს ადამიანებთან მუშაობა, რათა დავეხმარო მათ გარკვეული ცხოვრებისეული თუ პროფესიული მიზნების ჩამოყალიბებაში, ახალი პერსპექტივის აღმოჩენაში და მიზნისკენ მისასვლელი გზების უკეთ დანახვაში. ერთი პატარა ამბავი მინდა თქვენც მოგითხროთ, რომელიც თქვენი საქმიანობის მთავარი მიზნის ახლებურად აღქმაში დაგეხმარებათ.
ამბავი სამი კალატოზისა
1666 წელს ლონდონი საშინელმა ხანძარმა გადაბუგა. ცნობილ არქიტექტორს, ქრისტოფერ ვრენს დაევალა წმინდა პავლეს ტაძრის მშენებლობა.
ერთ დღეს, მშენებლობაზე მისულმა არქიტექტორმა ხარაჩოებზე სამი კალატოზი შენიშნა. ერთი ჩაცუცუქული იყო, ერთი - ნახევრად მოხრილი იდგა და ერთიც გამართული მუშაობდა.
პირველ კალატოზთან მივიდა ქრისტოფერ ვრენი და ჰკითხა, - რას საქმიანობ, რას აკეთებო? ხელოსანმა მძიმედ ამოიხვნეშა და პასუხად მიუგო: - კალატოზი ვარ, მძიმე შრომა მაქვს, ქვებსა და აგურებს ვეზიდები და ერთმანეთზე ვაწყობო.
მეორე კალატოზმა იგივე კითხვაზე მშვიდად უპასუხა: - მშენებელი ვარ, კედელს ვაშენებ, და ამით ვარჩენ ოჯახსო. მაგრამ მესამე კალატოზმა, როცა კითხვა მოისმინა - რას საქმიანობ, რას აკეთებო, თავი ამაყად ასწია და ღიმილით უპასუხა: - ტაძრის შექმნაში ვიღებ მონაწილეობას, ტაძარს ვაშენებ, რომელიც საუკუნეებს გაუძლებსო.
ძალიან მიყვარს ეს არაკი, უბრალოა, მაგრამ მასში ძლიერი გზავნილი დევს თუ როგორი განსხვავებული შეიძლება იყოს ერთი და იგივე სიტუაციაში ადამიანების განწყობა, დამოკიდებულება და დიდი სურათის დანახვის უნარი.
თქვენ რას აკეთებთ, რას საქმიანობთ? - აგურებს ეზიდებით და ერთმანეთზე აწყობთ, კედელს აშენებთ და ოჯახს არჩენთ ამით, თუ ტაძრის მშენებლობაში ღებულობთ მონაწილეობას? ტაძრის, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს?



Comments