top of page

რას ელოდებით კარგო ადამიანებო? ეძებეთ თქვენში ჩამარხული განძი და გააოცეთ სამყარო!

იუოქსის ტომის ინდიელების ლეგენდა

უძველეს დროში, სამყაროს შემოქმედმა გადაწყვიტა ადამიანებისგან დაემალა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, მანამ, სანამ მზად არ იქნებოდნენ ადამიანები მის სანახავად. შეაგროვა დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება და რჩევა ჰკითხა.

არწივმა უთხრა, “მომეცი და მე დედამიწაზე არსებულ ყველაზე მაღალ მთაზე ავიტან,” მაგრამ შემოქმედმა უთხრა, “არა, დადგება დღე, როცა ყველაზე მაღალ მთასაც დაიპყრობენ და მონახავენ იქ.”

ორაგულმა უთხრა, “მე დამიტოვე და ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილას დავმალავ,” მაგრამ შემოქმედმა უთხრა, “არა, რადგან ადამიანები მკვლევარები და მაძიებლები არიან ბუნებით, და დადგება დღე, როცა ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილასაც ჩააღწევენ.”

ბიზონმა უთხრა, “წავიღებ, და უკიდეგანო ტრამალების სიღრმეში ჩავფლავ,” მაგრამ შემოქმედმა უთხრა, “არა, რადგან ერთ დღესაც დედამიწის ტყავსაც კი გააპობენ, და იქაც იპოვიან.”

გაჩუმდნენ და ჩაფიქრდნენ ყველანი, ბოლოს ბრმა თხუნელამ დაილაპარაკა. “თავად მათში ჩადე, მათში დამალე - იქ ყველაზე ბოლოს თუ ჩაიხედავენ.” შემოქმედმა თქვა, “დე იყოს ასეო.”

მახსოვს პირველად რომ წავიკითხე ეს ლეგენდა, როგორ ჩამივარდა გული, ბურთი გამეჩხირა ყელში და ცრემელები მომადგა თვალებზე. ალბათ ვიგრძენი, რომ იყო ჩემში რაღაც, ჯერ არ ნაპოვნი, ჯერ ვერდანახული, ჯერ უღიარებელი... და ალბათ ამიტომ დავადექი პიროვნული განვითარების გზას და ვთვლი, რომ ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - ვისწავლო, და მერე სხვებს გავუზიარო როგორ მოძებნონ მათში “დამალული განძი” - საკუთარი პოტენციალი და როგორ განავითარონ იგი.

რა არის ადამიანის პოტენციალი? ეს არის ის შესაძლებლობები, რომლის მიღწევაც ადამიანს შეუძლია. ალბათ გახსოვთ აბრაჰამ მასლოუს საჭიროებების პირამიდა, რომლის მიხედვითაც ადამიანი მუდმივად მიისწრაფვის საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისაკენ და თანდაყოლილი უნარებისა და ნიჭის განვითარებისაკენ.

ჩემს ტრენინგებზე, ვებინარებზე თუ ქოუჩ-სესიებზე ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ იმისი შეხსენება, რომ სწორედ მათშია მათი ცხოვრების უსაზღვრო შესაძლებლობები ჩადებული.

მაგრამ ლეგენდისა არ იყოს, საკუთარი პოტენციალის ძებნას ადამიანები გარეთ ვცდილობთ და არა საკუთარ თავში. ხშირად გარე სამყაროზე ვართ ჩაციკლულები, მის გაგებას და შეცვლას ვცდილობთ და გვავიწყდება, რომ ჩვენ თავად ვართ მთელი სამყარო და უსაზღვრო შესაძლებლობები გვაქვს.

თუ ამ გზას ადგახართ, რამდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ ჩემი გამოცდილებიდან (იქნებდა გამოგადგეთ) თუ რა გვიშლის ხოლმე ამ გზაზე ხელს: თავის გასასამართლებელი საბაბების ძიება: ხანდახან არც კი ვიცით, რომ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრების და საუბრის სტილი ხდება. დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს ზუსტად ერთნაირი რაოდენობის 24 საათი გვაქვს დღე-ღამეში (მე კი ვაპროტესტებ ამას და მოვითხოვ, რომ 36 იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ ასეა). ჰოდა, როგორ განკარგავთ თქვენ თავად ამ 24 საათს? თავის მართლება არის თავად ჩევნს მიერ აღმართული წინაღობები, რომლებიც ხელს გვიშლის საკუთარი თავის საკუთესო ვერსიად ვიქცეთ.

“ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეთ, არის ის ადამიანი, რომელიც მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ იყოთ.” - რალფ უალდო ემერსონი.

შიში: “თუ არასდროს გააკეთებთ იმაზე მეტს,, რაშიც უკვე დახელოვნებულები ხართ, ვერასოდეს გაიზრდებით” - რალფ უალდო ემერსონი. ბუნებრივია, რომ გეშინოდეს ან სიფრთხილით ეკიდებოდე ცხოვრების მიერ მოტანილ ახალ ეტაპს, ახალ გარემოებებს. მაგრამ რისი გეშინიათ? რომ სცდით და არ გამოგივათ?

რობერტ შულერმა თქვა “წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ წარუმატებელი ხარ, უბრალოდ ნიშნავს, რომ ჯერ ვერ მიაღწიე წარმატებას.”

ეჭვი: “გწამდეს საკუთარი თავის და იცოდე, რომ შენს შიგნით არის რაღაც, რაც ნებისმიერ დაბრკოლებაზე დიდია.” - კრისტიან ლარსონი. თუ მუდმივად ეჭვი გეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, უნარებსა და ნიჭში, ვერასოდეს შესძლებ იმის გაგებას, რაც სინამდვილეში შეგიძლია. ვერასდროს აღმოაჩენ შენს სრულ პოტენციალს.

უნდა გვჯეროდეს ადამიანებს საკუთარი თავის. თავდაჯერებულობა არის ის თვისება, რომელიც პირადად მე მიმზიდველად მიმაჩნია (არ აგერიოთ, ამპარტავნობაზე არ ვსაუბრობ). როგორც კი საკუთარი თავის რწმენა გაგიჩნდებათ, ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი კარი გაიღება თქვენს წინ და რამდენი შესაძლებლობა გადაგეშლებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ დაიჯერებთ, რომ შეგიძლიათ. და თუ არის რამმ, რაც ჯერ არ იცით - არა უშავს, ისწავლით.

თომას ედისონმა თქვა, “ყველაფერს რომ ვაკეთებდეთ, რისი შესაძლებლობა გვაქვს, თავად დავრჩებოდით სახტადო.”

მე კი ამ გამოწვევას დაგიტოვებდით: რას ელოდებით კარგო ადამიანებო? ეძებეთ თქვენში ჩამარხული განძი და გააოცეთ სამყარო!






 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page