top of page

რა სარგებლობა მოაქვს ცნობისმოყვარეობას



ახალს არაფერს ვიტყვი, თუ გავაჟღერებ, რომ ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. მითუმეტეს პატარა ადამიანი, რომელიც გამუდმებით სვავს კითხვას „რატომ?“ და ეძებს პასუხს, შესაბამისად იძენს ახალ გამოცდილებას, ახალ ცოდნას და ინვითარებს ახალ უნარებს.

ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებაში სიტყვა ‘ცნობისმოყვარეობა’ ზრდასრულებთან მიმართებაში ხშირად ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენება. შესაბამისად გამიჩნდა სურვილი ამ არაჩვეულებრივი სიტყვის რეაბილიტაცია მოვახდინო. ამიტომ გთავაზობთ ბერკლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების კვლევების დასკვნებს, სადაც ჩანს, რომ როგორც ბავშვებისათვის, ასევე ზრდასრულებისათვის, ცნობისმოყვარეობას მოაქვს ფსიქოლოგიური, ემოციური, სოციალური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სარგებელი. აი რამდენიმე მათგანი:


1. ცნობისმოყვარე ადამიანები უფრო ბედნიერები არიან. კვლევებმა უჩვენა, რომ ცნობისმოყვარეობა დაკავშირებულია პოზიტიური ემოციების განცდასთან, მშფოთვის დაქვეითებასთან, ცხოვრებით კმაყოფილების გაზრდასთან და უფრო მდგრად ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ის ადამიანები, ვინც ისედაც ბედნიერები არიან, უფრო მაღალი ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან, მაგრამ რადგან დადგენილია, რომ სიახლე თავს კარგად გვაგრძნობინებს, შეგვიძლია ვივიარაუდოთ, რომ სიახლის წყურვილი დაკავშირებულია ბედნიერების განცდასთანაც. თეორიაში „ადამიანის 6 საჭიროება“ ტონი რობინსი საუბრობს ჩვენი კარგად-ყოფნისა და ბედნიერებისათვის ზრდა-განვითარების მნიშვნელობაზე. მჯერა, რომ ზრდა-განვითარება ცნობისმოყვარეობის გარეშე უბრალოდ ვერ მოხერხდება.

2. ცნობისმოყვარეობა გვეხმარება თავი გავართვათ რთულ სიტუაციებს და გადავრჩეთ. სიახლის შესწავლისა და ძიების სურვილი გვეხმარება ფხიზლად და ყურადღებით ვიყოთ გარესამყაროს მიმართ და შევიძინოთ ამ სამყაროში ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები. უილიამ ჯეიმსი, ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ცნობისმოყვარეობას ხსნის როგორც 'იმპულსს უკეთესი გააზრებისაკენ', რომელიც ხელს გვიწყობს ცოდნა გამოცდილების პროცესში შევიძინოთ როცა რაიმეს მიმართ ცნობისმოყვარეობა გვიჩნდება, ტვინი ჯილდოს მოლოდინის რეჟიმში გადადის, გამოიყოფა დოპამინი, და გვეუფლება კარგად ყოფნის შეგრძნება. ზუსტად ისე, როგორც ჭამის, სექსის, ან ლატარიის მოგების დროს, რაღაც ახლის გაგება-შესწავლის დროსაც გვეუფლება „ჯილდოს განცდა“.

3. ცნობისმოყვარეობა ხელს უწყობს წარმატების მიღწევას. კვლევები აჩვენებს, რომ ცნობისმოყვარეობა დაკავშირებულია სასწავლო დაწესებულებებში აკადემიურ მოსწრებასთან და ცნობისმოყვარე სტუდენტები უფრო ხალისიანები, ენერგიულები და ჩართულები არიან სასწავლო პროცესში, ხოლო სამუშაო სივრცეში ცნობისმოყვარე თანამშრომლები უფრო მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევიან. სრულიად ბუნებრივია, რომ როცა გვაინტერესებს ის, რასაც ვაკეთებთ, და გვაქვს ცნობისმოყვარეობა მეტი გავიგოთ, მეტი ვისწავლოთ მოცემულ სფეროში, უფრო მაღალია ჩვენი შანსი ამ საქმეში წარმატებას მივაღწიოთ.

4. ცნობისმოყვარეობა ხელს უწყობს ემპათიის განვითარებას. როცა ზოგადად გვაინტერესებს ადამიანი, როგორც ასეთი და კომუნიკაციაში შევდივართ ჩვენი სოციალური წრის მიღმა არსებულ (უცხო) ადამიანებთან, საშუალება გვეძლევა უკეთ გავუგოთ ჩვენი მსოფლმხედველობის, ცხოვრების წესისა და გამოცდილებისგან განსხვავებულ ადამიანებს. შემდეგ ჯერზე, როცა უცხო ადამიანთან მოგიწევს კომუნიკაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა კარდინალურად განსხვავებული იქნება შენგან, ეცადე (გულწრფელად რა თქმა უნდა) აჩვენო, რომ გაინტერესებს მისი აზრი, მისი პოზიცია და ამით კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავ ემპათიურობის განვითარებისაკენ.

5. ცნობისმოყვარეობა ხელს უწყობს ურთიერთობების გაძლიერებას. ერთ კვლევაში უცნობ ადამიანებს სთხოვეს შეჩერებულიყვნენ და ეპასუხათ საკმაოდ პირადულ კითხვებზე (პროცესი, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ „ორმხრივ თვითგახსნას“ -“reciprocal self-disclosure”). აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელ ცნობისმოყვარეობას და ინტერესს იჩენდნენ ამ ურთიერთგაცვლის დროს, შეაფასეს როგორც თბილი და მიმზიდველი ადამიანები. ეს ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ როცა ადამიანის მიმართ ცნობისმოყვარეობას (ინტერესს) ვამჟღავნებთ, ამით ხელს ვუწყობთ მასთან ახლო ურთიერთობის მშენებლობას.

6. ცნობისმოყვარეობა აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ბერკლის უნივერსიტეტის კვლევა აჩვენებს, რომ როცა ექიმები გულწრფელ ცნობისმოყვარეობას იჩენენ პაციენტების მოსაზრებების მიმართ, როგორც ექიმები, ასევე პაციენტები ნაკლებ გაღიზიანებულები და ფრუსტრირებულები არიან, უკეთ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად მკურნალობის პროცესიც უფრო ეფექტურია.


სამწუხაროდ ეხლა არც დრო მაქვს და არც საშუალება, რომ ცნობისმოყვარეობაზე უფრო ვრცლად და დეტალურად დავწერო. ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა (და შეიძლება თქვენთვისაც). იმედია მომიხერხდება და დავუბრუნდები ამაზე საუბარს. თუ კიდევ მეტი ინფირმაცია გინდათ გაიგოთ, გადახედეთ აი ამ გვერდსაც ცნობისმოყვარეობის მეცნიერების შესახებ.



Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page