top of page

რა არის ბრაზი და როგორ ვმართოთ ის?

Updated: Jun 1, 2021


(ილუსტრაციის ავტორია ეთო გზირიშვილი)

ბრაზი

ფსიქოლოგი ჩარლზ სპილბერგის მიხედვით, რომელიც ბრაზის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარია, ბრაზი არის „ემოციური მდგომარეობა, რომელიც ვარირებს მსუბუქი გაღიზიანებიდან ძლიერ რისხვამდე“. როგორც სხვა ემოციებს, ბრაზსაც თან სდევს ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ცვლილებები; როცა ვბრაზდებით, გულის ცემა გვიჩქარდება, სისხლის წნევა მატულობს, ისევე როგორც ჩვენი ენერგო-ჰორმონების - ადრენალინის და ნორადრენალინის დონე.


ბრაზი შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც გარეგანმა, ასევე შინაგანმა ფაქტორებმა. შეიძლება კონკრეტულ ადამიანზე ან რაიმე მოვლენაზე იყოთ გაბრაზებული, ან თქვენი ბრაზი რაიმე პიროვნული პრობლემის თაობაზე ფიქრმა და ღელვამ გამოიწვიოს. ტრავმული ან მძიმე ემოციური მოვლენების გახსენებამაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრაზის ემოცია.



ბრაზის გამოხატვა

ბრაზი გარემოში არსებულ საფრთხეზე ჩვენი საპასუხო რეაქციაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავიცვათ თავი როცა თავს გვესხმიან. შესაბამისად განსაზღვრული რაოდენობით სიბრაზე, აუცილებელია ჩვენი ფიზიკური გადარჩენისათვის.


თუმცა მეორეს მხრივ, შეუძლებელია ყველაფერზე, რაც გვაღიზიანებს, აგრესიული ფორმით ვუპასუხოთ - საზოგადოებაში არსებული კანონები, სოციალური ნორმები და უბრალოდ საღი აზრიც განსაზღვრულ ჩარჩოებში გვსვამს და განსაზღვრავს რამდენად და როგორ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სიბრაზე.

ადამიანები იყენებენ როგორც ცნობიერ, ისე არაცნობიერ ფორმებს საკუთარ ბრაზთან გასამკლავებლად. სამი ძირითადი ფორმა არის გამოხატვა, ჩახშობა და დამშვიდება. ჩვენი ბრაზის გამოხატვა ასერტიულ და არა აგრესიულ ფორმაში, არის ბრაზის გამოხატვის ყველაზე ჯანსაღი ფორმა. თუმცა იმისათვის, რომ ეს შევძლოთ, საჭიროა გავერკვეთ საკუთარ საჭიროებებში, და მათი დაკმაყოფილების გზებში ისე, რომ სხვებს არ ვავნოთ. იყო ასერტიული ნიშნავს პატივისცემით ეპყრობოდე საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც, ისე თქვა შენი სათქმელი, რომ არც შენი ღირსება დაამცირო, და არც მეორე ადამიანისა.

ბრაზი შესაძლებელია ჩაიხშოს, შემდეგ კი გადაკეთდეს ან გადამისამართდეს. ეს ხდება მაშინ, როცა მყისიერად არ გამოხატავ ბრაზის ემოციას და ფოკუსირდები რაიმე პოზიტიურზე. მიზანი აქ არის ის, რომ ჩაახშოთ რისხვა და უფრო კონსტრუქციულ ქმედებად გარდაქმნათ. თუმცა გამოხატვის ამ ფორმას თავისი საფრთხე ახლავს - თუ არ მოხერხდა ბრაზის გარეთ გამოტანა-გამოხატვა, ის შესაძლებელია შიგნით ჩატრიალდეს და საკუთარი თავის მიმართ წარიმართოს. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერტენზია, სისხლის მაღალი წნევა ან დეპრესია.


ჩახშულმა და არ გამოხატულმა ბრაზმა შესაძლოა სხვა პრობლემებიც შექმნას. ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს ბრაზის გამოხატვის პათოლოგიური ფორმები, როგორიცაა პასიურ-აგრესიული ქცევა (როცა არაპირდაპირი ფორმით ვესხმით თავს ადამიანს, არ ვეუბნებით პირდაპირ რაშია პრობლემა, ვიყენებთ სარკაზმს...) ან მუდმივად ცინიკური და მტრული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ადამიანები, ვინც გარშემომყოფებს მუდმივად ამცირებენ, დასცინიან, აკრიტიკებენ და ცინიკურ კომენტარებს აკეთებენ, სამწუხაროდ არ ფლობენ ბრაზის გამოხატვის კონსტრუქციულ ფორმებს. რა გასაკვირია, რომ ასეთ ადამიანებს არა აქვთ ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების და შენარჩუნების უნარი.


და ბოლოს, ბრაზის გამოხატვის მესამე ფორმა - დამშვიდება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ გარეგნულად ქცევის კონტროლს, არამედ შინაგანი განწყობის მართვას, უნარს დაამშვიდოთ საკუთარი თავი, დაარეგულიროთ გულისცემა. როგორც დოქტორ სპილბერგი აღნიშნავს, „როცა ამ სამი ტექნიკიდან არც ერთი არ მუშაობს, ვინმე ან რაიმე შეიძლება დაშავდეს.“


ბრაზის მართვა

ბრაზის მართვის მიზანი არის შევამციროთ ბრაზით გამოწვეული როგორც ემოციური ასევე ფიზიოლოგიური აღელვება. შეუძლებელია აღმოვფხვრათ, თავი ავარიდოთ ან შევცვალოთ ადამიანები ან მოვლენები, რომლებსაც წონასწორობიდან გამოვყავართ, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი რეაქციები.

ზედმეტად ბრაზიანი ხართ?

არსებობს ფსიქოლოგიური ტესტები, რომლებიც გვიჩვენებს ბრაზის შეგრძნებების ინტენისობას, რამდენად მიდერკილი ხართ სიბრაზისკენ, და რამდენად კარგად შეგიძლიათ მისი მართვა. თუმცა, როგორც წესი, თუ გაქვთ ბრაზის გამოხატვის პრობლემები, თქვენ ეს ისედაც უკვე იცით. თუ გქონიათ მომენტები, როცა კონსტროლი დაკარგეთ საკუთარ ქმედებებზე, ვეღარ აკონტროლებდით რას და როგორ ამბობდით და აკეთებდით, ალბათ დახმარება გჭირდებათ რომ ისწავლოთ საკუთარ ემოციებთან გამკლავების უკეთესი ფორმები.


რატომ არის ზოგი ადამიანი სხვებთან შედარებით უფრო ბრაზიანი?

ფსიქოლოგიის დოქტორ ჯერი დეფენბაჩერის მიხედვით, რომელიც ბრაზის მართვას იკვლევს, ზოგი ადამიანი სხვებთან შედარებით უფრო „ბრაზიანია“,უფრო ადვილად გამოდის წონასწორობიდან, და მათი ემოცია უფრო ინტენსიურია ხოლმე. არიან ისეთებიც, ვინც არ გამოხატავენ ბრაზს ხმამაღლა, მაგრამ ქრონიკულად გაღიზიანებულები და უხასიათოები არიან. ადამიანები, ვინც ადვილად ბრაზდებიან, არ არის აუცილებელი, რომ ხმამაღალ გარჩევებს იწყებდნენ ან რაიმეს ამტვრევდნენ, შესაძლებელია ადამიანი ამ დროს უბრალოდ სოციალურად იზოლირებული გახდეს ან ფიზიკურად დაავადდეს.

ადამიანებს, ვინც ადვილად ბრაზდებიან, ახასიათებთ ე.წ. ფრუსტრაციისადმი დაბალი ტოლერანტობა - ისინი თვლიან, რომ მათ არ უნდა ექმნებოდეთ სიტუაცია, სადაც ექნებათ იმედგაცრიება, უხერხულობის განცდა ან გაღიზიანება. მათ არ შეუძლიათ მოვლენების მშვიდად აღქმა, და განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს სიტუაციები, რომელსაც აღიქვავენს როგორც უსამართლობას: მაგალითად როცა მცირე შეცდომაზე მითითებას აძლევენ.

რატომ არიან ეს ადამიანები ასეთები? ამას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ან ფიზიოლოგიური: არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი ბავშვი დაბადებიდან უფრო სენსიტიურია, ადვილად ბრაზდება, სწრაფად ღიზიანდება, და ეს ნიშნები ძალიან ადრეული ასაკიდან იჩენს თავს. ასევე შესაძლებელია, რომ ამისი მიზეზი იწყოს სოციოკულტურული. ბრაზი საზოგადოებაში ხშირად აღიქმება როგორც ნეგატიური მოვლენა, შესაბამისად შფოთვის , დეპრესიის და სხვა ემოციების გამოხატვა ნორმალურად მიიჩნევა, მაგრამ ბრაზის გამოხატვა ასოციალურ ქმედებად არის მიჩნეული. ამის შედეგად ვღებულობთ იმას, რომ ვერ ვსწავლობთ, ვერ ვინვითარებთ უნარს როგორც გავუმკლავდეთ ბრაზს კონსტრუქციულად.


კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ ოჯახური ფონიც დიდ როლს თამაშობს. ადამიანები, ვინც ადვილად გამოდიან მწყობრიდან და ადვილად ბრაზდებიან, მოდიან ქაოტური, არამდგრადი ოჯახებიდან, რომლის წევრებსაც არა აქვთ განვითარებული ემოციური გონიერების კომპეტენციები.


კარგია თუ არა ბრაზის გადმოფრქვევა?

რაღაც პერიოდი გავრცელდა მოსაზრება, რომ ბრაზის გამოხატვა აუცილებელია ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. სამწუხაროდ ზოგიერთმა ადამიანმა ეს თეორია გამოიყენა როგორც ლიცენზია სხვა ადამიანების დასამცირებლად. კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო უკონტროლოდ გამოვხატავთ ბრაზს, მით უფრო მეტად ხდება ბრაზისა და აგრესიის ესკალაცია და არაფრით უწყობს არსებული სიტუაციის გადაჭრას ხელს.

საუკეთესო გამოსავალი არის გავერკვეთ რა იწვევს ბრაზის ემოციას, რა „ტრიგერები“ გვაქვს და შემდეგ შევიმუშავოთ სტრატეგიები, რომლებიც დაგვეხმარება ამ ემოციების სწორი ფორმით წარმართვაში.


ბრაზის მართვის სტრატეგიები


რელაქსაცია, მოდუნება

რელაქსაციის მარტივი ინსტრუმენტები, როგორიცაა ღრმა სუნთქვა და დამამშვიდებელი ვიზუალიზაცია, გამოიყენება ხოლმე ბრაზის ემოიციების დასამშვიდებლად. არსებობს წიგნები, ვიდეო მასალა, ინფორმაცია ინტერნეტში, ტრენინგები, რომლებიც დაგეხმარებათ შეისწავლოთ მოდუნების ტექიკები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებდით. თუ ისეთ ურთიერთობაში ხართ, სადაც თქვენც და თქვენი მეწყვილეც „ცხელსისხლიანები“ ხართ, კარგი იქნებოდა ორივეს შეგესწავლათ ეს ტექნიკები.


რამდენიმე მარტივ რჩევას აქვე მოგცემთ:

· ღრმა დიაფრაგმული სუნთქვა (ზედაპირული, მკერდის სუნთქვა აქ არ გამოგადგებათ).

· ნელა გაიმეორეთ სიტვები ან ფრაზები, როგორიცაა „მშვიდად“, „ნუ მიიტან გულთან ახლოს,“ „მოდუნდი“. გაიმეორეთ და თან ღრმად ისუნთქეთ.

· გამოიყენეთ ვიზუალიზაცია - წარმოიდგინეთ რაიმე დამამშვიდებელი სურათი, უკვე არსებული გამოცდილებიდან ან თქვენი წარმოსახვიდან.

· დამამშვიდებელი ფიზიკური აქტივობები, რომლებიც მოადუნებს კუნთებს და დაგაწყნარებთ - იოგა, ტაი-ჩი, გაწელვები, სეირნობა ბუნებაში და ა.შ.

ყოველდღიურად გამოიყენეთ ეს ტექნიკები. ისწავლეთ როგორც ჩართოთ ავტომატურად, როგორც კი დაძაბულობას იგრძნობთ.


კოგნიტური რესტრუქტურიზაცია

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს შევცვალოთ ის, თუ როგორ ვფიქრობთ. გაბრაზებული ადამიანები, როგორც წესი ძალიან „ხატოვნად“, ხმამაღლა , უცერემონიოდ გამოხატავენ ხოლმე საკუთარ აზრებს. როცა გაბრაზებულები ვართ, გვახასიათებს მოვლენების გაბუქება და დრამატიზირება. ეცადეთ თქვენი ფიქრები უფრო რაციონალური გახდეს. მაგალითად, იმის მაგივრად რომ იფიქროთ „ღმერთო, რა საშინელებაა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა,“ უთხარით საკუთარ თავს, „ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია, და სრულიად გასაგებია რომ დავიძაბე, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის დასასრული და გაბრაზება არანაირად არ გადაჭრის ამ პრობლემას.“

დააკვირდით და ეცადეთ არ გამოიყენოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა „არასოდეს“ ან „ყოველთვის“ როცა საკუთარ თავზე ან სხვებზე საუბრობთ. გამონათქვამები - „შენ არასდროს მისმენ ხოლმე,“ ან „ყოველთვის ასე მემართება“ არა მარტო მცდარია, არამედ ხელს უწყობს თქვენი ბრაზის გამართლებას და გარწმუნებთ იმაში, რომ არ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გზები. გარდა ამისა, შესაძლოა დაკარგოთ იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც შესაძლოა სხვამხრივ მზად ყოფილიყო თქვენთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად და გამოსავლის მოსაძებნად.


შეახსენეთ ხოლმე საკუთარ თავს, რომ გაბრაზება არანიარად არ უწყობს ხელს პრობლემის გადჭრას, სულაც არ დაგეხმარებათ თავი უკეთ იგრძნოთ (როგორც წესი, პირიქით, უფრო უარესად გაგრძნობინებთ თავს).

ლოგიკური აზროვნება სიბრაზის გაქარწყლებას უწყობს ხელს , რადგან მაშინაც კი, როცა ბრაზი მართებულია, ძალიან სწრაფად ხდება ხოლმე ირაციონალური. ამიტომ ერთ-ერთი რჩევაა გამოვიყენოთ „ცივი ლოგიკა.“ შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ სამყარო არ არის პირადად თქვენ მიმართ მტრულად განწყობილი და არ ცდილობს პირადად თქვენი ცხოვრების გამწარებას, უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების რაღაც არასასიამოვნო მოვლენებს განიცდით. როგორც კი ბრაზს იგრძნობთ, ჩართეთ ლოგიკა და უფრო საღი თვალით შესძლებთ რეალობის დანახვას. გაბრაზებული ადამიანები მოითხოვნებს უყენებენ საკუთარ თავს, გარშემომყოფებს და სამყაროს - მოითხოვენ სამართლიანობას, პატივისცემას, თანხმობას, მოითხოვენ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ. ჩვენ ყველას გვსურს ეს, ბუნებრივია, და გული გვტკივა, როცა ამას ვერ ვღებულობთ, მაგრამ გაბრაზებული ადამიანები „მოითხოვენ“ და როცა მათი მოთხოვნა არ კმაყოფილდება, იმედგაცრუება ბრზში გადასდის. კოგნიტური რესტრუქტურიზაციის მეშვეობით ბრაზიანი ადამიანები აცნობიერებენ საკუთარი ხასიათის ამ მხარეს და სწავლობენ როგორ გარდაქმნან მოთხოვნა სურვილში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართებულია ვთქვათ „მე გამეხარდებოდა, მე ვისურვებდი“ და არა „მოვითხოვ“ ან „მე უნდა მქონდეს“ რაღაც. როცა ვერ ახერხებთ იმის მიღებას, რაც გინდათ, ნორმალური რეაქცია გექნებათ - ფრუსტრაცია, იმედგაცრუება, გულის ტკენა - მაგრამ არა ბრაზი. ადამიანების ნაწილი, ვისაც ბრაზისკენ აქვს მიდრეკილება, ბრაზს იყენებს იმისათვის, რომ თავი აარიდოს გულის ტკივილს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემა გადაიჭრა და გულსიტკივილი სადღაც აორთქლდა.


პრობლემების გადაჭრა

ზოგჯერ ჩვენი ბრაზი და ფრუსტრაცია გამოწვეულია ჩვენი ცხოვრების სრულიად რეალური და გარდაუვალი პრობლემებით. ბრაზის ყველა შემთხვევა არ არის უადგილო, და შესაძლებელია არსებულ სირთულეებზე ბუნებრივი, ჯანსაღი რეაგირებაც კი იყოს. ჩვენს კულტურაში არის მოსაზრება, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და ყველა პრობლემა შესაძლოა გადაიჭრას. და როცა ამას ვერ ვახერხებთ, ბუნებრივია ჩნდება არაადექვატურობის განცდა თანდმევი ემოციებით. ფსიქოლოგიები გვეუბნებიან, რომ ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია ვფოკუსირდეთ არა გამოსავლის ძებნაზე, არამედ იმაზე თუ როგორ გადავლახოთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.


უკეთესი კომუნიკაცია

გაბრაზებული ადამიანები დაუფიქრებლად და ნაჩქარევად აკეთებენ დასკვნებს და გადაეშვებიან ქმედებაში. ხშირად ეს დასკვნები არასწორია ხოლმე. თუ ცხარე კამათის მონაწილე გახდით, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, შენელდეთ და დაუფიქრდეთ თქვენს საპასუხო რეაქციებს. ნუ იტყვით პირველივეს რაც ენაზე მოგადგებათ. ეცადეთ გულისყურით მიუსმინოთ რას ამბობს თქვენი თანამოსაუბრე და მხოლოდ მერე უპასუხეთ.

იმასაც მოუსმინეთ, რა უდევს საფუძვლად ბრაზს. მაგალითად შესაძლებელია, რომ თქვენ განსაზღვრული თავისუფლება და პიროვნული სივრცე გჭირდებოდეთ, თქვენს „მეორე ნახევარს“ (მეწყვილეს, პარტნიორს) კი მეტი სიახლოვე და ურთიერთობა სურდეს. და როცა ამაზე ჩივილს იწყებს, ნუ გაღიზიანდებით და ნუ გაბრაზდებით. ბუნებრივია, რომ როცა გვაკრიტიკებენ, თავდაცვის პოზიციაში გადავდივართ ხოლმე, მაგრამ ეცადეთ ხმალამოღებულ ბრძოლაში არ გადაეშვათ. უმჯობესია, თუ მის სიტყვებში ჩამალულ აზრს მიაყურადებთ: შესაძლებელია ადამიანი ვერ გრძნობს თქვენგან სიყვარულს და მიტოვებულობის შეგრძნება აქვს. იმის მაგივრად რომ გაბრაზდეთ, მშვიდად ეცადეთ გაიგოთ რა უდევს საფუძვლად თქვენი საყვარელი ადამიანის საჩივარს და არ მისცეთ უფლება თქვენს ფრისტრაციას გადაიზარდოს ბრაზსა და რისხვაში.


1. ყურადღების გადამრთველები

სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ იუმორს, „სულელურ ხუმრობებს“ რისხვის ჩაქრობა შეუძლია. ერთ-ერთ კვლევაში ორი საგზაო საცობი შექმნეს. ერთში მძღოლები ბუნებრივი ფრუსტრაციის მდგომარეობაში დატოვეს. მეორეში სამი „ყურადღების გადამრთველი“ ფაქტორი შეიტანეს - 1) თბილი და საყვარელი (პატარა ლეკვი ჩაატარეს მანქანებს შორის), 2) სექსუალურ-მიმზიდველი (მიმზიდველი გარეგნობის ქალი და კაცი ჩაატრეს მანქანებს შორის) და 3) სასაცილო (ახლომახლო სასაცილო-სახალისო-სულელურ ოინებს სჩადიოდა ვიღაც). მკვლევარებმა აკვირდებოდნენ ორივე ჯგუფში რამდენად ხშირად გამოხატავდნენ მძღოლები ბრაზსა და ფრუსტრაციას (დასიგნალებით, ყვირილით, მანქანიდან გამოსვლით და წინ და უკან სიარულით, შუა თითის ჩვენებით და ა.შ.). იმ ჯგუფში, სადაც „ხელისშემშლელი“ ფაქტორები შეიტანეს, ფრუსტრაციის ბრაზიანი გამოხატვა ნაკლები იყო, და ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი აქ იუმორს ჰქონდა. იუმორმა აჯობა ლეკვებსაც და სექსუალურ, მიმზიდველ გარეგნობასაც J როცა იცით სად და რა იწვევს თქვენი ბრაზის, რისხვის „ჩართვას“ (როცა იცით თქვენი „ტრიგერები“) მოამზადეთ სასაცილო, სულელური „ყურადღების გადამრთველები“ და გამოიყენეთ ხოლმე.

2. დაგუგლეთ. როცა რაიმე სიტუაციაში მოხვდებით, რომელიც გაგაბრაზებთ და მწყობრიდან გამოგიყვანთ, არადა ინტელექტუალურად იცით, რომ ეს სიტუაცია არ ღირს თქვენი ენერგიის ხარჯვად, ონლაინ მოძებნეთ სასაცილო ისტორიები და ვიდეოები რომელიც იგივე სიტუაციას ეხება. ეს დაგეხმარებათ გვერდიდან შეხედოთ რეალობას (საკუთარი თავი „ამოაგდოთ“ ამ განტოლებიდან) და იუმორის მარცვალი იპოვოთ მასში. როგორც წესი გაცილებით გვიდვილდება სხვის შეცდომებზე და პრობლემებზე სიცილი, ვიდრე საკუთარზე.

3. სამი ხუმრობა დაწერეთ ამის შესახებ. კომედიების შემქმნელები, მწერლები ამბობენ, რომ ყველაზე ძლიერი ხუმრობები იქმნება სიტუაციებში, სადაც არის ფრუსტრაცია, იმედგაცრუება, დაბნეულობა, შერცხვენა. როცა ადამიანები გააზრებულად ცდილობენ იყვნენ სასაცილოები (კომდიანტები), როგორც წესი ნეგატიურ ემოციებს იყენებენ ხოლმე კომედიის წყაროდ. როცა რაღაცაზე გაღიზიანდებით, ჩაატარეთ ექსპერიმენტი - გამოყავით ხუთი წუთი და დაწერეთ სამი ხუმრობა. არ დაიძაბოთ, შედეგი არ არის მთავარი აქ, პროცესია მნიშვნელოვანი.

ორ გაფრთხილებას გვაძლევენ სპციალისტები იუმორის გამოყენებასთან დაკავშირებით. პირველი, იუმორს ნუ გამოიყენებთ პრობლემის „ჩასარეცხად“, უმჯობესია გამოიყენეთ იმისათვის, რომ უფრო კონსტრუქციულად შესძლოთ პრობლემის აღქმა. მეორე - ნუ გამოიყენებთ სარკასტულ, „შავ“ იუმორს, ეს ბრაზის არაჯანსაღი გამოხატვის კიდევ ერთი ფორმაა.

ამ ტექნიკებს აერთიანებს ის, რომ ვისწავლოთ როგორ არ აღვიქვათ საკუთარი თავი ზედმეტად სერიოზულად. ბრაზი სერიოზული ემოციაა, მაგრამ ხშირად მას საფუძვლად უდევს იდეები, რომლებსაც თუ სერიოზულად გადახედავთ, გაგეცინებათ.


თუ თვლით, რომ ვერ აკონტროლებთ საკუთარ ემოციებს და განსაკუთრებით ბრაზს, თუ ეს თქვენს ურთიერთობებზე და ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე ახდენს ზეგავლენას, ჩემი რჩევა იქნებოდა მოძებნოთ სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებოდათ ისეთი ტექნიკების შესწავლა-გამომუშავებაში, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა როგორც თქვენი აზრვნების ფორმაზე ასევე ქცევაზეც.


გახსოვდეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ბრაზის აღმოფხვრა - და არანაირად არ არის სასურველი რომც შეგვეძლოს. მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ყოველთვის იქნება რაღაც რაც გაგვაბრაზებს, და ხანდახან ეს ბრაზი სრულიად გამართლებული იქნება. ცხოვრება სავსეა ფრუსტრაციით, ტკივილით, დანაკარგებით და სხვა ადამიანების გაუთვალისწინებელი ქმედებებით. ამას ვერ შევცვლით, მაგრამ შგვიძლია შევცვალოთ ის, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეს ჩვენზე და ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.


აუცილებლად ნახეთ ეს არაჩვეულებრივი ფილმი ბრაზის მართვაზე არაჩვეულებრივი მსახიობების შესრულებით


და აუცილებლად წაიკითხეთ მაია ხოსიტაშვილის, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივი სტატია ბრაზის შესახებ - ნეგატიური ემოციების პარადოქსი


გამოყენებული წყაროები და საკითხავი მასალა

· ამრიკის ფსიქოლოგიური ასოციაცია https://www.apa.org/topics/anger/control


· ფსიქო ცენტრი - რა არის ბრაზი? https://psycho.center/brazi/12-brazi


· კლინიკური სიბრაზის სკალა - https://psycho.center/quizzes/healthcare/sibrazis-testi


· ბრაზი და ბრაზის მართვა - http://phf.org.ge/ka/resources/brazi-da-brazis-martva/





· ნეგატიური ემოციების პარადოქსი - მაია ხოსიტაშვილი http://psychologist.ge/maiakhositashvili/



 
 
 

1 Comment

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating

ქეთი, შესანიშნავია! ლივლივით იკითხება! დიდი მადლობა!

Like
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page