რა არის ახალგაზრდული საქმიანობა?
- Kety Zhvania-Tyson

- May 29, 2021
- 2 min read

ახალგაზრდული საქმიანობა წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობას ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის, რომელიც ხორციელდება ფორმალური განათლების სისტემის, ოჯახური და სამსახურებრივი კონტექსტის მიღმა და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას და კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობასა და ინტეგრაციას.
ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იტალიაში საეკლესიო მოღვაწის დონ ბოსკოს მიერ იქნა დაარსებული პირველი ახალგაზრდული ცენტრი - „ორატორიუმი“, სადაც ახალგაზრდებისთვის შექმნილი იყო სანდო და უსაფრთხო სივრცე. ამ კეთილგანწყობილ გარემოში დონ ბოსკო და მასთან ერთად თავად ახალგარდებიც ეხმარებოდნენ ერთმანეთს სწავლასა და განვითარებაში.
ახლაგაზრდული საქმიანობის კიდევ ერთი, მსოფლიო მასშტაბის მაგალითია სკაუტინგი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩაისახა და მას საფუძველი ჩაუყარა რობერტ ბადენ-პაუელმა.
ახალგაზრდული საქმიანობა ქმნის კომფორტულ, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლონ ერთმანეთისგან და განვითარდნენ. ახალგაზრდულ საქმიანობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას, რომლის მეთოდებიც ახალგაზრდული მუშაკის ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტებია .

ვინ არის ახალგაზრდული მუშაკი?
ახალგაზრდული მუშაკი არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან სხვადასხვა სივრცეში - ახალგაზდრულ ცენტრში, სკოლაში არსებულ თავშეყრის ადგილებში ან ქუჩაში. მარტივი მისახვედრია, რომ იმის მიხედვით, თუ სად ხვდება ახალგაზრდული მუშაკი ახალგაზრდებს სამუშაოდ, განსხვავებულია მისი კომპეტენციებიც და ამოცანებიც, რომლის მიღწევასაც ის ემსახურება.
ევროპაში უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც „ახალგაზრდული მუშაკი“ პროფესიად არის აღიარებული და ამ დისციპლინას უმაღლეს საგანმაანთლებლო სასწავლებლებში ეუფლებიან.
საქართველოში 2020 წელს პირველად მოხდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ახალგაზარდული მუშაკის გადამზადების პროგრამის აღიარება, ხოლო 2021 წელს, გადამზადების კურსის გავლის შედეგად, ახალგაზრდული მუშაკების პირველ ნაკადს გადაეცა სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული სერტიფიკატები.

რის განვითარებას ემსახურება ახალგაზრდული მუშაკი ახალგაზრდული საქმიანობის ფარგლებში?
ახლგაზრდული საქმიანობის ექსპერტების მიერ ახალგაზრდული ორგანიზაციების და ახალგაზრდული მუშაკების მონაწილეობით საქართველოში 2014 წლიდან მიმდინარეობს ახალგაზრდული საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი. „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის საკვანძო კომპეტენციების შესახებ“ ევროპის პარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითრების ორგანიზაციის „საკვანძო კომპეტენციების განსაზღვრისა და შერჩევის დოკუმენტი“-ს საფუძველზე შეიქმნა ქართული დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ის ძირითადი ცხრა კომპეტენცია, რომელთა განვითარება ახალგაზრდებში ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობის მიზანია. ეს კომპეტენციებია:
- მოქალაქეობრივი კომპეტენცია;
- გარემოსდაცვითი კომპეტენცია;
- ანალიტიკური, ტექნოლოგიური, ინფორმაციული და სამეცნიერო კომპეტენცია;
- სამეწარმეო და ინიციატივის კომპეტენცია;
- შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების კომპეტენცია;
- დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენცია;
- ურთიერთობის კომპეტენცია;
- კულტურული გამოხატვის და კულტურათშორისი ურთიერთბის კომპეტენცია;
- ჯანმრთელობის დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების კომპეტენცია.


ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარება და მათი შესაბამისი ხარისხით ფლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ახალგაზრდისთვის, რათა იგი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად და შესძლოს საკუთარი მისწრაფებებისა და ოცნებების რეალიზება.
აი, ასეთ მნიშვნელოვან მისიას ვემსახურებით ჩვენ - ახალგაზრდული მუშაკები!
ტექსტის ავტორია თათია გოგიშვილი






Comments