მხოლოდ ქმედებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები
- Kety Zhvania-Tyson

- Apr 1, 2021
- 2 min read
Updated: Jun 4, 2021
დღეს მინდა ორი ბაყაყის ამბავი მოგითხროთ, რომლებიც ერთ წვიმიან დღეს თამაშ-თამაშისას ტბის ახლო-მახლო მდგომ სახლში მოხვდნენ. იატაკზე თიხის რძით სავხე ქოთანი იდგა. ცნობისმოყვარე ბაყაყები ქოთანში ჩახტნენ, მაგრამ მაშინვე მიხვდნენ, როგორი შეცდომა დაუშვეს - ქოთნის კედლები სრიალა იყო და რამდენიც არ ეცადნენ, ამოხტომა ვერაფრით შეძლეს.

ერთმა თქვა, “ძმობილო, შეუძლებელია აქედან თავის დაღწევა! არც არავინაა ახლო-მახლო, რომ დაგვეხმაროს, დაღუპულები ვართ!” მეორემ უპასუხა, “მთავარია არ გავჩერდეთ, ვიფართხალოთ, თათები ვამოძრავოთ, არ დავნებდეთ და მჯერა, რომ აუცილებლად დავაღწევთ თავს. ვინმე მოგვეშველება, მთავარია არ გავჩერდეთ.” და ორივემ გააგრძელა ფართხალი.
საათი საათს მისდევდა. დაიღალა ორივე. პირველმა ისევ მიმართა მეგობარს, “ძალიან დავიღალე, არაქათი აღარ მაქვს. ხომ ხედავ, არავინ ჩანს, რომ დაგვეხმაროს. გამოსავალს ვერ ვხედავ. სჯობს გულ-ხელი დავიკრიფოთ და მშვიდად მაინც მივიცვალოთ.” მეორემ უპასუხა, “ნუ ძმობილო, ნუ დაკარგავ იმედს, იმოძრავე. აუცილებლად გამოჩნდება საშველი. რაღაც შეიცვლება, აუცილებლად ერთად დავაღწევთ აქედან თავს.”
გააგრძელეს ისევ ბაყაყებმა რძეში ფართხალი. გავიდა კიდევ რამდენიმე უსაშველო საათი. არაფერი შეცვლილა. ძალაგამოლეულმა პირველმა აბაყაყმა ისევ მიმართა მეგობარს, “არაფერი იცვლება. დავიღალე. აზრი არა აქვს არაფრის ცდას. ნუ მიწყენ ძმობილო.“ დაიკრიფა გულ-ხელი და ჩაიძირა...
დამწუხრდა ძლიერ მეორე ბაყაყი, რომ ვერ შეძლო მეგობრის დარწმუნება, თავადაც ძალა გამოცლილი იყო, და კი გაჰკრა ფიქრმა - იქნებ მეც შევეშვა ამ უშედეგო ფართხალსო, მაგრამ შინაგანი ხმა ეუბნებოდა - არ გაჩერდე! იმოძრავე! გამოსავალი ნამდვილად არსებობსო!.
და დიდი ძალისხმევის ფასად განაგრძო ბაყაყამა ფართხალი.
უცებ, რაღაც მყარი იგრძნო თათებს ქვეშ - საყრდენი! დაძაბა ბოლო ძალა ბაყაყმა და ამოხტა ქოთნიდან. ამდენი ფართხალისაგან რძისგან კარაქი შეიდღვიბა.
პირადად მე არაერთხელ ვყოფილვარ სიტუაციაში (და დარწმუნებული ვარ თქვენც გექნებათ ასეთი გამოცდილება), როცა გამოსავალს ვერ ხედავ, როცა “ლოგიკა” გეუბნება, რომ უნდა გაჩერდე, შეეშვა, მაინც არაფერი გამოვა. შეიძლება ეხლაც, ზოგიერთი თქვენგანი მეტაფორულ რძის ქოთანშია ჩავარდნილი და გამოსავალს ვერ ხედავს. მე გულწრფელად მჯერა (და ჩემი გამოცდილებაც ამას მაჩვენებს), რომ უმოქმედობა და მხოლოდ იმედი, რომ რაღაც შეიცვლება, არ არის გამოსავალი. მხოლოდ ქმედებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, იხსნება ახალი კარი, ვხვდებით ახალ ადამიანებს, რომლებსაც ახალ რესურსებზე გავყავართ. რეალობა იცვლება,როდესაც ფარ-ხმალს არ ვყრით და ვმოქმედებთ.
მე არაერთხელ შემიდღვებია კარაქი რძისგან, როიმელშიც ჩავვარდი!!! :)



Comments