ემოციური გონიერების განვითარება ფილმის მეშვეობით - "თავდაყირა"
- Kety Zhvania-Tyson

- May 10, 2021
- 6 min read
Updated: May 16, 2021

პიროვნული განვითარების ტრენინგებში ხშირად ვიყენებთ ნაწყვეტებს ფილმებიდან. გადავწყვიტე ჩემი კვირის რუბრიკაში „ფილმები პიროვნული განვითარებისთვის“ გაგიზიაროთ ის ფილმები, რომლებიც ჩემი (და არა მხოლოდ) აზრით ემოციური გონიერების განვითარებას უწყობს ხელს. დღეისათვის ეს საკმაოდ პოპულარული თემა გახდა - ემოციური ინტელექტი, ემოციური გონიერება, EQ. უამრავი წიგნი, მასალა ინტერნეტში, ტრენინიგები, სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ინსტრუმენტები შეგვიძლია მოვიძიოთ ამ მიმართულებით. დღეს გთავაზობთ ფილმს „თავდაყირა“, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს კოლექციაში - სახალისოც არის, საინტერესოც, საგანმანათლებლოც და ფაქტიურად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის სასარგებლოც.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ ახალგაზრდა თუ ზრდასრული მაყურებელი დაგვაფიქრა და ჩაგვახედა საკუთარ თავში. ფილმის ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს 11 წლის გოგონა რაილის შინაგან სამყაროში საინტერესო პერსონაჟებად წარმოდგენილი ხუთი ემოციის - სიხარული, სევდა, ბრაზი, შიში და ზიზღი - ურთიერთქმედების ფონზე. ფილმს კონსულტირებას უწევდა ცნობილი ფსიქოლოგი და მკვლევარი, პაულ ეკმანი. ფილმის ავტორებთან ერთად მისი მიზანი იყო მიუხედავად ფილმის აშკარა კრეატიული თავისუფლებისა, მაქსიმალურად კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადმოეცათ ადამიანის ემოციების შესახებ.

როგორც თავიდან აღვნიშნე, ფილმი არაჩვეულებრივ მასალას იძლევა ემოციური გონიერების თემაზე დასაფიქრებლად და სასაუბროდ. გთავაზობთ ოთხ განსაკუთრებით თვალსაჩინო გაკვეთილს ამ ფილმიდან, რომელიც ჩვენი ემოციური სამყაროს გაგება-გააზრებაში დაგეხმარებათ. ბუნებრივია ამას თან ვურთავ ინფორმაციას სხვადასხვა კვლევების შესახებ, მათთვის, ვისაც ამ თემაზე ცოტა უფრო სიღრმისეული მეცნიერული ხედვა აინტერესებს.
აქვე გაფრთხილებთ, რომ სამწუხაროდ ფილმის მეტ-ნაკლებად „დასპოილერება“ მომიწევს და ვისაც ჯერ არ გინახიათ, წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ბედნიერება არ არის უბრალოდ სიხარული. როცა ფილმი იწყება, სიხარულის ემოცია სახელად „სიხარული“ (Joy) რაილის ემოციების მართვის პულტთან დგას; მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ რაილი ყოველთვის და მუდმივად ბედნიერი იყოს. მაგრამ ფილმის დასასრულს, „სიხარული“ ისევე როგორც რაილი, და ალბათ ფილმის მაყურებელიც - სწავლობს, რომ გაცილებით მეტია საჭირო ბედნიერებისთვის, ვიდრე უსაზღვრო პოზიტიურობა. ფილმის ბოლო, ფინალურ ნაწილში, როცა „სიხარული“ მართვის სადავეებს თავის თანაგუნდელებს უზიარებს, გასნაკუთრებით კი „სევდას“, რაილი ბედნიერების უფრო სიღრმისეულ ფორმას განიცდის.

ემოციების ბევრი მკვლევარი თანხმდება იმაზე, რომ ბედნიერება არის „სიხარულის განცდა, კმაყოფილება ან პოზიტიური კეთილდღეობა გაერთიანებული იმ შეგრძნებასთან, რომ ადამიანის ცხოვრება მთლიანობაში გააზრებული და ღირებულია, რომ ადამიანის ცხოვრებას აქვს აზრი“ (სონია ლიუბომირსკი, წიგნის „How to Happiness“ ავტორი). ბუნებრივია პოზიტიურ ემოციებს, როგორიცაა სიხარული, თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბედნიერების რეცეპტში, მაგრამ მხოლოდ პოზიტივი საკმარისი არ არის. ბერკლის უნივერსიტეტის უახლესმა კვლევებმა უჩვენა, რომ ადამიანები, ვისაც „ემოციური მრავალფეროვნება“ (Emodiversity) ახასიათებს, ან ადამიანებს, ვისაც ემოციების მდიდარი პალიტრა აქვს ორივე, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური მიმართულებით, უფრო ჯანსაღი მენტალური ჯანმრთელობა ახასიათებთ. ამ კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ სსხვადასხვა ემოცების შეგრძნება ადამიანს შესაძლებელია უფრო დეტალურ ინფორმაციას აწვდის კონკრეტული სიტუაციის შესახებ, და შესაბამისად ადამიანი უკეთეს არჩევანს აკეთებს იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეს - და ბუნებრივია პოტენციურად უფრო ბედნიერიც არის ამ დროს. მაგალითად, ფილმის საკვანძო მომენტში, როცა რაილი ფიქრობს სახლიდან გაქცევაზე, ის უფლებას აძლევს საკუთარ თავს განიცადოს სევდაც, შიშიც და ბრაზიც, და შედეგად ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ უარი თქვას თავის გეგმაზე. ეს გადაწყვეტილება ეხმარება რაილის დაბრუნდეს სახლში და მშობლების სიყვარულით გარშემორტყმულს უბრუნდება ბედნიერების განცდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას სევდა და შიშიც ახლავს თან.
ფილმის კრიტიკოსები ამბობენ, რომ „თავდაყირას“ შემქმნელებმა, მათ შორის დორექტორმა პიტ დოკერმა, ბრძნული გადაწყვეტილება მიიღეს, როცა პერსონაჟს დაარქვეს „სიხარული“ და არა „ბედნიერება“. შესაბამისად, სიხარული ბედნიერების მხოლოდ ერთი ელემენტია, და ბედნიერება შეიძლება სხვა ემოციებითაც იყოს შეფერილი, მათ შორის სრულიად შესაძლებელია რომ მათ შორის სევდაც იყოს.

ნუ ეცდებით ბედნიერების ძალდატანებით შექმნას. ფილმში არის მომენტი, როცა ოჯახი ცდილობს ახალ საცხოვრებელ ადგილზე ადაპტირებას, რაილის მამას სამსახურში სირთულეები აქვს და ამ დროს რაილის დედა ეუბნება - „ეცადე ბედნიერი გოგონა იყო, როგორც ყოველთვის იყავი“. ალბათ ჩვენ თავადაც გამოგვიცდია ეს როგორც ბავშვებს, ან როგორც მშობლებს გვქონია მაგვარი საუბარი ჩვენს შვილებთან. სამწუხაროდ, მე ეს შეცდომა ჩემს ქალიშვილთან დავუშვი რამდენჯერმე, როცა ვცდილობდი პოზიტიური კუთხით დამენახებინა სამყარო. მხოლოდ მოგვიანებით, როცა ამ თემას ჩავუღრმავდი, გავიაზრე, რომ ასეთ მომენტებში შესაძლებელია ბავშვს გასჩენოდა განცდა, რომ მას სჭირდა რაღაც, რომ მას მიუძღოდა რაღაც დანაშაული, რადგან არ შეეძლო ყოველთვის ბედნიერი ყოფილიყო. უკვე არაერთხელ მოვუხადე ბოდიში ჩემს შვილს ჩემს მიერ დაშვებული შეცდომებისთვის, და ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, კიდევ ერთხელ დავინახე და ვიგრძენი ჩემი ქმედების პრობლემატურობა - მე, როგორც დედას, კარგი მინდოდა ჩემი შვილისთვის, მაგრამ სინამდვილეში ცუდს ვაკეთებდი. არსებობს მეცნიერება ბედნიერების შესახებ, რომელიც სწორედ ამ თემებს სწავლობს. მკვლევარი ჯუნ გრუბერი და მისი კოლეგები შეისწავლიან ბედნიერების და მისი დევნის ნიუანსებს. მათი კვლევის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოწოდებას „იყავი მუდმივად პოზიტიური და ბედნიერი“, რომელიც ზოგ პროფესიაში სავალდებულო მოთხოვნადაც კი იქცა.
მაგალითად, მათი კვლევა აჩვენებს, რომ, როცა ბედნიერების მიღწევას ცხოვრების მიზნად ვისახავთ, ამას ნეგატიური შედეგები უფრო მოსდევს. გრუბერის კოლეგამ, ირის მაუსმა აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მეტად ისწრაფვის, იბრძვის, ცდილობს ადამიანი იყოს ბედნიერი, მით უფრო დიდია შანსი, რომ ბედნიერების ძალიან მაღალ სტანდარტებს დააწესბს საკუთარი თავისთვის და აუცილებლად ექნება იმედგაცრუება - და შესაბამისად ნაკლებად ბედნიერად იგრძნობს თავს, როცა ვერ მოახერხებს მუდმივად ამ სტანდარტების შესაბამისად ცხოვრებას. ალბათ ამიტომ, სულაც არ არის უცნაური, რომ ფილმის პატარა გმირი, რომელიც ცდილობს დააძალოს საკუთარ თავს იყოს ბედნიერი, საპირისპირო შედეგს იღებს. ეს სტრატეგია არა მარტო მცდარი აღმოჩნდა, არამედ გაუჩინა მარტოობის, იზოლაციის გრძნობა და სიბრაზე მშობლების მიმართ, რამაც ბიძგი მისცა მის ფიქრებს გაქცეულიყო სახლიდან.

რა არის რაილისთვის (და თითოეული ჩვენთაგანისთვის) უფრო ეფექტური გზა ბედნიერებისკენ ? უახლესი კვლევებში საუბრობენ „პოზიტიურობის პრიორიტიზირების“ შესახებ - ეს ნიშნავს, რომ გააზრებულად უნდა გამოვყოთ დრო იმ საქმიანობისათვის, რომელსაც ჩვენთვის სიხარული მოაქვს. რაილისათვის ეს არის ყინულის ჰოკეი, მეგობრებთან დროსტარება და მშობლებთან ერთად თამაში და გართობა.
თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ პოზიტიურობის პრიორიტიზირება არ ნიშნავს ნეგატიური გრძნობებისგან ან მათ მიერ გამოწვეული სიტუაციებისგან გაქცევას ან მათ უარყოფას - ეს ბედნიერების მოპოვების ძალიან სწორხაზოვანი, ხისტი მეთოდია, რომელიც შესაძლოა სრულიად საწინააღმდეგო ფორმით შემოგვიტრიალდეს. რაილისა და მისი მშობლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია, როცა რაილი აღიარებს, რომ სან ფრანცისკოში გადმოსვლა მისთვის ძალიან რთული იყო - ეს აღიარება მას კიდევ უფრო აახლოებს მშობლებთან.

სევდა საკვანძოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობისთვის. ფილმის დასაწყისში „სიხარული“ აღიარებს, რომ არ ესმის რა საჭიროა საერთოდ „სევდა“ და რატომ ცხოვრობს ის რაილის თავში. სამწუხაროდ ფილმის მარტო ეს პერსონაჟი არ ფიქრობს ასე. ჩემი ცხოვრების დიდი ხნის მანძილზე მეც ვერ ვიგებდი რა დანიშნულება აქვს სევდას ჩვენს ცხოვრებაში, რატომ უნდა ვიყოთ „ნეგატიურ“ განწყობაზე, რომლის დროსაც არაპროდუქტიულები ვხდებით?! მხოლოდ ემოციური გონიერების გააზრებული შესწავლის პერიოდში დავფიქრდი და აღმოვაჩინე როგორი მცადი დამოკიდებულება მქონდა თურმე.
ფილმის რაღაც მომენტში ჩრდილში მდგომი, „უსარგებლო“ პერსონაჟიდან „სევდა“ გმირად გადაიქცევა. რატომ? იმიტომ, რომ სევდა ძალიან ღრმა კავშირს ამყარებს ადამიანთან, ეს კი ბედნიერების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ფილმში „სევდა“ ეხმარება რაილის სწორედ ეს გააკეთოს - ჩაუღრმავდეს და დაეკონტაქტის საკუთარ თავს. მაგალითად, როცა რაილის დიდი ხნის წინ დავიწყებული, ბავშვობისდროინდელი წარმოსახვითი მეგობარი ბინგ ბონგი უზომოდ დამწუხრებულია თავისი ურიკის დაკარგვის გამო, სწორედ „სევდის“ ემპათიური თანაგრძნობა ეხმარება მას გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, და არა „სიხარულის“ მცდელობა პოზიტიური კუთხით დაანახოს ეს დანაკარგი. (საინტერესოა, რომ ეს სცენა ბედნიერების კვლევის მნიშვნელოვანი აღმოჩენის ილუსტრირებას აკეთებს - ბედნიერების გამოხატულება სიტუაციის შესაბამისი უნდა იყოს.)
„თავდაყირა“ ძალიან ფრთხილად და სათუთად გვიხატავს რამდენად უჭირთ ადამიანებს რთული ემოციების გამოხატვა, როგორიცაა სევდა, შიში და ბრაზი - და სწორედ ამიტომ ადამიანების უმეტესობა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავი ავარიდოთ ამას. მაგრამ ფილმში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ყველა ეს ემოცია მნიშვნელოვან ფუქნციას ასრულებს, მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს, რადგან გვეხმარებიან გავერკვეთ ჩვენს შინაგან და გარეგან სამყაროში ისე და იმგვარად, რაც დაგვეხმარება კავშირი დავამყაროთ ადამიანებთან, თავი ავარიდოთ საფრთხეს და გადავხარშოთ, მოვინელოთ და კვლავ ფეხზე დავდგეთ სერიოზული დანაკარგების შემდეგ.
ერთი გაფრთხილება გავითვალისწინოთ ოღონდ: ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ავუხსნათ სევდის დანიშნულება და მისი მიღება, აუცილებელია, დავანახოთ, რომ სევდა არ არის იგივე, რაც დეპრესია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულებმა უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული გარემო შევუქმნათ ბავშვებს, სადაც მათ თავისუფლად შეეძლებათ დახმარების თხოვნა თუ სევდა შემოაწვათ ან დეპრესიაში ჩავარდნენ.

საჭიროა მივიღოთ და არა დავთრგუნოთ ჩვენი რთული ემოციები. ფილმში არის მომენტი, როცა „სიხარული“ ცდილობს ხელი შეუშალოს „სევდას“ ზეგავლენა მოახდინოს რაილის განწყობაზე და ამისთვის ცარცით „სევდის წრეს“ შემოუხაზავს და დაავალებს „სევდას“ რომ ამ წრეში დარჩეს და არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდეს აქედან. სასაცილო მომენტია, მაგრამ ფსიქოლოგები გვეტყვიან, რომ აქ „სიხარული“ სარისკო ქცევაში ერთვება, რომელსაც „ემოციების დათრგუნვა“ ჰქვია - ეს არის ემოციების რეგულაციის (მართვის) სტრატეგია, რომელიც, როგორც კვლევები აჩვენებს იწვევს შფოთვის გაძლიერებას და დეპრესიას, განსაკუთრებით თინეიჯერებს, მოზარდებს შორის, რომლებსაც ჯერ არა აქვთ საკუთარი ემოციების აღქმა-გააზრების საკმარისად ჩამოყალიბებული უნარები. ფილმშიც, „სევდის“ გარიყვა და მცდელობა, ჩამოეშორიებინა იგი რაილის ცხოვრებიდან, უკურეაქციას იწვევს როგორც „სიხარულისთვის“ ასევე ბუნებრივია თავად რაილისთვისაც.
მოგვიანებით, როცა ბინგ ბონგი კარგავს თავის ურიკას (ზემოთ ვისაუბრე უკვე ამ მომენტზე), „სიხარული“ ცდილობს მას სიტუაციის „კოგნიტური გადაფასება“ გააკეთებინოს, რაც ნიშნავს, რომ ურჩევს ახლებურად შეხედოს სიტუაციას, რას ნიშნავს ეს დანაკარგი მისთვის - ანუ ცდილობს პოზიტივისკენ გადახაროს მისი ემოციური რეაგირება. კოგნიტური გადაფასება არის სტრატეგია, რომელიც ისტორიულად ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლებოდა ემოციების რეგულირების საკითხში. მაგრამ ეს მეთოდიც კი არ არის ყოველთვის საუკეთესო არჩევანი, რამეთუ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხანდახან ამ მეთოდს შეუძლია დეპრესია გააძლიეროს და არა შეამციროს., გააჩნია სიტუაციას.
ფილმის დასასრულისკენ, „სიხარული“ აკეთებს იმას, რასაც დღეს ემოციური გონიერების სფეროში მომუშავე ფსქოლოგები ყველაზე ჯანსაღ მიდგომად მიიჩნევენ ემოციებთან მუშაობისას: იმის მაგივრად, რომ თავი აერიდებინა, იგნორირება გაეკეთებინა მისი, „სიხარულმა“ მიიღო „სევდა“ ისეთი, როგორიც არის, გააცნობიერა, რომ ისიც მნიშვნელოვანი ნაწილია რაილის ემოციური ცხოვრებისა.

ემოციების ექსპერტები ამას ემოციის „Mindful embracing“-ს უწოდებენ (მიჭირს ამისი თარგმნა - ვისაც გექნებათ ვარიანტები, კომენტარებში დაამატეთ - „გააზრებული მიღება“? ) რას ნიშნავს ეს? იმის მაგივრად, რომ ემოციური რეაგირების დრამაში გაიჭედოს, მოაზროვნე ადამიანი მშვიდად აკვირდება ემოციას, არ იწყებს მის შეფასებას და არ აწებებს იარლიყებს კარგია თუ ცუდია ამ სიტუაციაში ასეთი ემოციის გაჩენა, და ამით ქმნის სივრცეს ჯანსაღი საპასუხი ქმედების განსახორციელებლად. 2014 წელს თინეიჯერებთან ჩატარებული კვლევა უჩვენებს, რომ დეპრესიაში მყოფ მოზარდებსა და ახლგაზრდებს, რომლებმაც ისწავლეს როგორ მიუდგნენ, შეხედონ ცხოვრებას გააზრებულად და მშვიდად, ბუნებრივია ნაკლები შფოთვა აქვთ, დეპრესიის ნაკლები შემთხვევები და ნაკლებად ახასიათებთ ნეგატიური განწყობა - დამოკიდებულება, და შესაბამისად ცხოვრების უფრო უკეთესი ხარისხი აქვთ.
ფილმი „თავდაყირა“ არ არის პირველი და ერთადერთი მცდელობა, სადაც ემოციური გონიერების ამ ოთხ გაკვეთილს ვისწავლიდით, მაგრამ ამ ფილმმა მოახერხა ის, რაც ვერცერთმა სხვა მედია-საშუალებამ ვერ მოახერხა - ერთდროულად თან გულში ჩაწვდომოდა და თან გაერთო სრულიად გასნხვავევბული ასაკის, სრულიად გასნხვავებული ეროვნების წარმომადგენლები. ფილმი „თავდაყირა“ არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მედია საშუალებები საგანმანათლებლო მიზნებისთვის. იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ფილმს ემოციური გონიერების მნიშვნელოვანი გაკვეთილების გაზიარება-სწავლებისათვის გამოიყენებენ.
აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი, მეგობრებო! სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ






Comments