top of page

დროის მენეჯმენტის აპლიკაციები


ყველაზე ლიმიტირებული რესურსი, რომელიც ადამიანებს გაგვაჩნია, არის დრო. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეს დრო ყველას ერთნაირად გვეძლევა, არადა არიან ადამიანები რომლებიც იგივე დროში გაცილებით მეტს ასწრებენ და გაცილებით მეტს აღწევენ. როგორ? ეს არის კითხვა, რომელსაც მინდა გავცე პასუხი. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ჩვენ ყველას გვაქვს დრო იმისათვის, რომ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა შესაძლებელია ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს დროს ყველაზე ოპტიმალური ფორმით. დასახული მიზნების მიღწევა იმაზე კი არ არის დამოკიდებული რამდენად მეტი დრო გვაქვს, არამედ რამდენად ვიცით საქმეზე ფოკუსირება და პრიორიტეტების დასახვა.

ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება უნდა დავიწყო - შეუძლებელია 21-ე საუკუნეში 24 საათი გვეყოს ადამიანებს და აშკარად გადასახედია ეს საკითხი - მოვითხოვთ საათების დამატებას!!!! 😊

დღეს მინდა გაგიზიაროთ დროის მენეჯმენტის რამდენიმე პოპულარული აპლიკაცია (Apps). თუმცა აქვე უნდა გაგაფრთხილოთ - ეს ხელსაწყოები კი დაგეხმარებათ ყოველდღიური საქმეების დაორგანიზება-დალაგებაში, მაგრამ ნამდვილი წარმატების მისაღწევად საჭიროა გარკვეული გქონდეთ საით მიდიხართ და რას გინდათ, რომ მიაღწიოთ.

თუ თქვენ იცით და გჯერათ, რომ ნამდვილი წარმატება გარედან კი არა, შიგნიდან მოდის, დროის მენეჯმენტის ეს ხელსაწყოები ნამდვილად გამოგადგებათ ყოველდღიური საქმეების გამკლავებაში. უამრავი ასეთი აპლიკაცია და სოფტი არსებობს, მე მხოლოდ რამდენიმე, ჩემს მიერ დატესტილს გაგაცნობთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ თქვენი საყვარელი ინსტრუმენტები გექნებათ - გააზიარეთ კომენტარებში.

დაზოგეთ დრო და დაიტოვეთ დრო ცხოვრებისთვის. დაიწყეთ 2021 წელი სიახლეებით.

ANY.DO როგორ მუშაობს: Any.do ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაციაა დღეს ბაზარზე დროის მენეჯმენტისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ Android, iOS და Chrome სისტემებთან ინდივიდუალურად ან თქვენ გუნდთან ერთად. მუშაობს როგორც ბევრი სხვა „თუ-დუ“ აპლიკაცია, თუმცა მას ერთი მახასიათებელი აქვს, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია, ეს არის Any.do Moment. ეს ოპცია საშუალებას გაძლევთ ყოველ დილით გადახედოთ თქვენს ჩამონათვალს და თუ საჭიროა გადაალაგოთ, და პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ თქვენი საქმეები. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ კონცენტრირება მნიშვნელოვან საკითხებზე მოახდინოთ. როგორ გეხმარებათ? Any.do საშუალებას იძლევა, ახალი, პროდუქტიული უნარების გამომუშავებაში.


FOCUS TO-DO

როგორ მუშაობს: დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ თქვენგანს ალბათ გსმენიათ „პომოდოროს“ ტექნიკის შესახებ,Focus to-do დროის მენეჯმენტის აპლიკაციაა, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტულ დავალებაზე, საქმეზე კონცენტრირდეთ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. აპლიკაცია მარტივ დროის კონტროლის მეთოდს იყენებს და გეხმარებათ შეამციროთ ხელისშემშლელი ფაქტორები და აღმოაჩინოთ სად და როგორ კარგავთ დროს.

როგორ დაგეხმარებათ? Focus Booster კარგია მათთვის, ვისაც ადვილად ეფანტება ყურადღება, რათა უკეთ კონცენტრირდნენ.

CLEAR როგორ მუშაობს: Clear საშუალებას გაძლევთ თქვენი გეგმები ისე დააჯგუფოთ, რომ უფრო ადვილი და მოსახერხებელი იყოს მათთან მუშაობა. შეტყობინებებსაც აგზავნის, რათა დროულად მოახერხოთ თქვენი საქმეების პრიორიტიზირება და სინქრონიზაცია შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს iCloud ანგარიშთან.

როგორ გეხმარებათ? Clear კარგია მათთვის, ვისაც ვიზუალურად სურს საკუთარი პროგრესის დანახვა.

EVERNOTE

როგორ მუშაობს: როგორც ამბობენ, ადამიანს დღეში დაახლოებით 6000 აზრი მოსდის. აქედან რამდენიმე ალბათ ნამდვილად ფასეული იდეაა. თუ ჩემსავით ხან ფურცელზე წერთ, ხან ბლოკნოტში, ხან ფაილში და საგულდაგულოდ ინახავთ რომელიმე ციფრულ საქაღალდეში და მერე ვეღარ პოულობთ, Evernote ნამდვილად დაგეხმარებათ. ეს ერთ-ერთი წამყვანი აპლიკაციაა დღეს საორგანიზაციო კატეგორიაში და დაგეხმარებათ წესრიგში მოიყვანოთ როგორც თქვენი ფოტოები, ასევე ჩანაწერები და ხმოვანი შეტყობინებებიც კი.

როგორ გეხმარებათ? იდეალური აპლიკაციაა მათთვის, ვისაც იდეების გენერირება და კრეატიული აზროვნება ახასიათებს. EVERNOTE გარანტიას გაძლევთ, რომ არასოდეს აღარ დაგეკარგებათ თქვენი მნიშვნელოვანი იდეები ან საინტერესო მასალის ბმულები.

MOODNOTES

როგორ მუშაობს: ეს აპლიკაცია საგრძნობლად განსხვავდება ზემოთ მოყვანილი შემოთავაზებებისგან. Moodnotes დაგეხმარებათ თვალი მიადევნოთ თქვენს გუნება-განწყობილებას და ფიქრებს რათა უკეთ გაიცნოთ და შეისწავლოთ საკუთარი თავი, დახვეწოთ თქვენი EQ (ემოციური გონიერების უნარები). ეს საკმაოდ იოლად გამოსაყენებელი აპლიკაციაა და მეცნიერულ კვლევებზეა დაფუძნებული. ფაქტია, რომ როცა ამაღლებულ გუნება-განწყობაზე ვართ, უფრო გვიადვილდება იდეების გენერირებაც, პროდუქტიული აზროვნებაც და უკეთესადაც ვახერხებთ ყურადღების მობილიზებას, ეს კი თავის მხრივ უფრო პროდუქტიულებს გვხდის.

როგორ გეხმარებათ?

Moodnote-ი დაგეხმარებათ დაინახოთ თქვენს აზროვნებაში და განწყობაში პოზიტიური და ნეგატიური პატერნები დროის განსაზღვრულ მონაკვეთებში. ეს კი თავის მხრივ დაგეხმარებათ განსაზღვროთ რა იწვევევს თქვენს გუნება-განწყობის ცვლას და შესაძლებლობას მოგცემთ შეცვალოთ გამომწვევი მიზეზები.

5 აპლიკაცია მოგიყვანეთ აქ მხოლოდ, მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც მე თავად დამიტესტია და ვიყენებ. იმედი მაქვს გამოგადგებათ და კომენტარებში თქვენ თქვენს საყვარელ აპლიკაციებს გაგვიზიარებთ.


 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page