top of page

საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია „დია“


ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF საქართველოს წარმომადგენლობასა და საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაციას „დია“ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ალბათ სკაუტური მოძრაობის შესახებ, ცოტა რამ თუ გსმენიათ. მინდა გაგაცნოთ, ვინც არ იცით, საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია „დია“, რომელიც საქართველოში 1997 წელს დაფუძნდა, და გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მსოფლიოში ყველაზე დიდი, 10 მილიონიანი, ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის.


როგორ დავიწყე სკაუტობა? 28 წლის წინ ვარჯიშის ჩასატარებლად მივდიოდი, როცა სრულიად მოულოდნელად სატელევიზიო გადაცემის უცნაურმა კადრებმა მომტაცა თვალი - სკაუტების მსოფლიო ჯამბორის შესახებ იყო გადაცემა. (ჯამბორი არის დიდი საკარვე ბანაკი, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სკაუტები და გაიდები იკრიბებიან და 4 წელიწადში ერთხელ იმართება).


იმდენად აღმაფრთოვანა იმ კადრებმა, რომ მივედი ვარჯიშზე და გამოვაცდხადე - ამიერიდან ჩვენ ვართ სკაუტები. ამან ჩემი ცხოვრების წიგნში ახალი და უსაინტერესოესი თავი გახსნა. კითხვა-კითხვით აღმოვაჩინე ქალბატონი ნანა ბილაშვილი, რომელიც განათლების სამინისტროში მუშაობდა იმ წლებში. მას კავშირი ჰქონდა დამყარებული მსოფლიო გოგონა სკაუტების ასოციაციასთან და მუშაობდა საქართველოში ამ ორგანიზაციის დაფუძნება-განვითარებაზე. მე ჩემი გოგო-ბიჭებით შევუერთდი და მას შემდეგ, აგერ უკვე 28 წელია მოხალისედ ვარ ჩართული ამ ფანტასტიურ მოძრაობაში.


სკაუტინგს ვუმადლი ბევრად, იმას ვინც ვარ და როგორიც ვარ დღეს - აქ ვნახე პირველად, მომინდა და ვისწავლე ტრენერობა, აქ მასწავლეს რა არის არაფორმალური განათლება და ახალგაზრდული მუშაობა, აქ შეიცვალა ჩემი სტერეოტიპები და ჩამოყალიბდა ახალი ფასეულობები.


უამრავი საინტერესო მოგონებები მაკავშირებს სკაუტინგთან და გაიდინგთან. 1992 წლის ზაფხულში იყო პირველი საკარვო ბანაკი ლეღვთა ხევში რომ გავმართეთ, როგორ გამოგვატანეს მაშინ მშობლებმა 25 ბავშვი, არ ვიცი - ჯერ კიდევ ავტომატებით დარბოდა ხალხი ქუჩაში.


პირველი შოკი 1993 წელს მივიღე აშშ-ს ჯორჯიის შტატის გოგონა სკაუტების ორგანიზაციაში 1 თვით სტუმრად რომ მიგვიწვიეს მე და ქალბატონი ნანა ბილაშვილი. 1994 წელს 13 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში მივიღე მონაწილეობა ირლანდიაში და დიდ ბრიტანეთში გამართულ გოგონა გაიდების პროგრამაში. 1997 წელს გაქანებული ეთნიკური კონფლიქტის დროს ცხინვალის რეგიონში ირლანდიის გოგონა გაიდების და ამერიკის გოგონა სკაუტების დელეგაციებთან ერთად ვცხოვრობდით სოფლებში, ვახალისებდით და ვაძლიერებდით ადგილობრივ გოგო-ბიჭებს, ჩავატარეთ საერთაშორისო ბანაკი ახმეტის რეგიონში, სადაც კრეატიულობა დაგვჭირდა, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარანტირებული ყოფილიყო... და 1997 წელს ოფიციალურად დავაარსეთ საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია „დია“ - მსოფლიოს 150 ქვეყანაში არსებული გოგონების ყველაზე დიდი ორგანიზაციის ერთი პატარა ნაწილი. და აქვე ამაყად დავამატებ, რომ ერთადერთი ორგანიზაციაა „დია“ რომელსაც სახელი ჰქვია - „დია“ არის ამომავალი ვარსკვლავი და სიტყვა „დიაცის“, „დიასახლისის“ ნაწილი.

რომ არ დაიბნეთ, იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიოში ორი სკაუტური ორგანიზაცია არსებობს. 1907 წელს დაედო საფუძველი სკაუტინგს დიდი ბრიტანეთში და ნელ-ნელა მთელს მსოფლიოს მოედო. თავიდან მხოლოდ ბიჭებისთვის იყო, და მათ სკაუტები ერქვათ (სიტყვა სკაუტი მზვერვას ნიშნავს). ორ წელიწადში გოგონების ორგანიზაციაც გაჩნდა, მათ გაიდები ეწოდათ. მსოფლიოში ორი ორგანიზაცია დაფუძნდა WOSM - სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაცია და WAGGGS- გოგონა გიდებისა და გოგონა სკაუტების მსოფლიო ასოციაცია. საქართველოში დღეს ოფიციალურად ორი სკაუტური ორგანიზაციაა: ჩვენ, საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია „დია“ (რომელშიც მარტო გოგონები არიან) და საქართველოს სკაუტები (რომელშიც არიან გოგონებიც და ბიჭებიც).


ჩვენი ორგანიზაციის შექმნის დღიდან უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და არის მოხალისეობრივად ჩართული ამ კეთილშობილურ საქმეში. ჩემთვის თითოეული მათგანი გმირია, რომელმაც თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - დრო ჩადო საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებაში. დიდი მადლობა ყველას!!!!


რამდენიმე დღის წინ გოგონა სკაუტების ასოციაციას „დია“-სა და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით, რასაც ქოუჩინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით ვგეგმავთ. მიხარია, რომ გოგონა სკაუტების ასოციაციის ლიდერებს ახალი მემორანდუმის და გლობალური პროექტის “Ignite” ფარგლებში ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგის სესიებს ჩაუტარებენ გამოცდილი ქოუჩები, რაც ასოციაციას ინსტიტუციონალურად გაძლიერებს.


მე უსასრულოდ შემიძლია სკაუტინგზე საუბარი, ამიტომ აქ გავჩერდები. მომავალ პოსტში ამ თემაზე კი გაგაცნობთ რითია სკაუტინგის საგანმანათლებლო პროგრამა უნიკალური, და რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი საზოგადოებამ, სახელმწიფომ ამ არაჩვეულებრივი ორგანიზაციის განვითარებაში .










 
 
 

1 Comment

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
Guest
3 days ago

The breadth and implication of the conversation seem reasonable to me. The order of the assertions makes sense. The website has more detailed contextual information on the topic. Engagement design is contextualized by online entertainment interfaces.

skypokiesau.com

Like
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page