top of page

3 ფილმის პრიზმაში დანახული ემოციური გონიერების განვითარება



ემოციური გონიერების თემაზე როცა ვსაუბრობ, ყოველთვის ვყვები ხოლმე, როგორ გამახარა იმ ფაქტმა, რომ IQ-სგან (ინტელექტუალური კოეფიციენტი) განსხვავებით EQ (ემოციური გონიერების კოეფიციენტი) განვითარებას ექვემდებარება - თუ არ გვაქვს ისეთ დონეზე განვითარებული, როგორიც გაგვეხარდებოდა - ა ბურთი და ა, მოედანი! უამრავი რესურსი, ხერხი, სავარჯიშო არსებობს, რომ ემოციური გონიერების კომპეტენციები განვივითაროთ.


როგორც დაგპირდით, მაისის თვეში ემოციური გონიერების განვითარებით დაინტერესებულთათვის გავაზიარებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას - წიგნებს, ფილმებს, სამეცნიერო კვლევებს, სხვადასხვა ტესტებსა და ინსტრუმენტებს.


სანამ ფილმების მიმოხილვაზე გადავალ, მინდა შეგახსენოთ, რომ დანიელ გოლემანის მიხედვით (ემოციური გონიერების მკვლევარი, ფსიქოლოგი, პოპულარული წიგნების ავტორი, სამეცნიერო ჟურნალისტი) ემოციური გონიერება ხუთი კომპეტენციისაგან შედგება:


● თვით-გაცნობიერება

● თვით-მოტივაცია

● თვით-რეგულირება

● ემპათია

● სოციალური უნარები


დარწმუნებული ვარ, რომ ფაქტიურად ყველა ფილმიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ ემოციური გონიერების კომპეტენციების განვითარებისათვის საჭირო და დამხმარე ინფორმაცია. მე უბრალოდ იმ ფილმებს მოვიშველიებ, რომელიც ამ ბოლო დროს ვნახე და იმედი მაქვს, რომ კომენტარებში თქვენ თქვენს მაგალითებს გამოუშვებთ.

შენიშვნა: სამივე ფილმის სახელწოდებაზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ გადახვიდეთ საიტზე სადაც ქართულად ან ინგლისურად შეგიძლიათ ნახოთ ეს ფილმები.




ბერდმენი (2014) (ოსკარის გამარჯვებული საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო კინემატოგრაფიისათვის).


ეს არის ფილმი ყოფილი მსახიობის შესახებ, რომელსაც წარსულში პოპულარული სუპერგმირის როლი აქვს შესრულებული და ახლა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ბროდვეის სპექტაკლში, იმისათვის, რომ დაიბრუნოს ძველი პოპულარობა და დიდება.

ემოციური გონიერების რომელი კომპეტენციებია წარმოდგენილი ფილმში?

ამ ფილმში გთავაზობთ მთავარი გმირის თვითგაცნობიერების კომპეტენციას დააკვირდეთ. თვითგაცნობიერება არის უნარი გაერკვე საკუთარ ემოციებში, გუნება-განწყობაში, იმაში, თუ რა გვახარებს და რა გვამწუხრებს, რა „ტრიგერები“ გვაქვს, საიდან მოდის და რა ჰქვია ჩვენს ემოციებს. განვითარებული ემოციური გონიერების ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი უნარია სპეციფიური ემოციების გამორჩევა, მაგალითად ასეთი ადამიანი იტყოდა „მე ფრუსტრირებული ვარ“, „მე გაღიზიანებული ვარ“ ან „მე დამწუხრებული ვარ“ და არა უბრალოდ „ცუდად ვარ.“


ეს სწორედ ის უნარია, რომელშიც ფილმის გმირი, რიგანი მოიკოჭლებს. მაგალითად ის ფაქტი, რომ მას უჭირს განასხვავოს სიყვარული და აღტაცება. რიგანს შეუძლია ცოლისა და ქალიშვილის სიყვარული შესწიროს მისთვის უცხო ადამიანებისაგან აღტაცების მიღების წყურვილს და დევნას. რიგანისათვის ეს ორი ემოცია ერთმანეთშია გადახლართული და ტოლობის ნიშანს სვავს მათ შორის. ასევე უჭირს გაერკვეს იმაში, რა აძლევს მოტივაციას, რა არის მისი „დრაივი“.


ფილმის ერთ-ერთი უცნაური ელემენტია, (და ზოგადად, ფილმი მთლიანობაში საკმაოდ უცნაურია) როცა რიგანს „ბერდმენის“ (ჩიტკაცას) ხმა ჩაესმის, რომელიც აკრიტიკებს და ტანჯავს. ხომ არ გეცნობათ მეგობრებო? ბუნებრივია, ეჭვი მეპარება, რომ თქვენც ასეთი კომიქსის პერსონაჟის ხმა ჩაგესმოდეთ, მაგრამ ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი შინაგანი კრიტიკოსი, ქოუჩინგში ამას გრემლინებს ვეძახით, ქართულად - მაჯლაჯუნები შეარქვა სანდრო ჯეჯელავამ. და ეს ჩვენი შინაგანი კრიტიკოსი მუდმივად ჩაგვძახის რა არ გამოგვივა, როგორ შეგვეშლება და შევრცხვებით, გვსტრესავს და დეპრესიაშიც კი გვაგდებს თუ ვერ მოვახერხეთ მისი კონტროლი.


თვითგაცნობიერება პიროვნული განვითარების საფუძველია. ფაქტიურად შეუძლებელი თუ არა, წარმოუდგენლად რთულია ემოციური გონიერების სხვა კომპეტენციების განვითარება, თუ არ გვაქვს ეს კომპეტენცია სათანადოდ განვითარებული.


ვუყურებდი ფილმის მთავარ გმირს, რომელმაც არ იცის რა უნდა, რომელიც პიროვნული კრიზისის მწარე პერიოდს გადის, და ვფიქრობდი ჩემს საკუთარ გამოცდილებაზე, ჩემთან სხვადასხვა ფორმატში მოსული ადამიანების ცხოვრებისეულ სირთულეებზე და ვფიქრობდი - რომ შეგვეძლოს ჩვენი გრძნობების დანახვა, აღქმა, გააზრება, დასახელება და ვიცოდეთ, საიდან და როგორ ჩნდება ეს ემოციები, გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვა, უკეთ შევძლებდით საკუთარი ცხოვრების განკარგვას, უფრო ჭკვიანურ და გააზრებულ გადაწვეტილებებს მივიღებდით.


ფილმის ყურებისას ჩნდება კითხვა - რიგანის ცხოვრებაში არსებული სტრესი და შფოთვა არის მის შინაგან კრიტიკოსის კიდევ უფრო გაძლიერების მიზეზი თუ სწორედ ეს ხმა ქმნის სტრესსა და შფოთვას? რა თქმა უნდა ამის გარკვევა რთულია, მაგრამ ერთი ცხადია, მართალია რიგანს არ შეუძლია სამყაროში არსებული, მისგან დამოუკიდებელი მის ცხოვრებასთან გადაჯაჭვული მოვლენების კონტროლი, მას შეუძლიაისწავლოს საკუთარი ნეგატიური აზრების არსებული პატერნის შეცვლა.

მოდით შევთანხმდეთ - თუ ემოციური გონიერების განვითარება გსურთ, დაიწყეთ პირველი კომპეტენციით - თვითგაცნობიერების განვითარებით!




2001 წელს რიჩარდ ლინკლეისტერმა დაიწყო თავისი უნიკალური პროექტი, რომელიც 12 წელი მიმდინარეობდა - ეს არის ისტორია ერთ უბრალო ოჯახზე, რომელშიც იზრდება ფილმის მთავარი გმირი - მეისონ უმცროსი. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდული მუშაკისათვის, ყოველთვის საინტერესოა მოზარდების შინაგან სამყაროს ამსახველი ფილმები, აქ კი საშუალება გაქვს დააკვირდე 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე პატარა ადამიანის ზრდა-განვითარებას.

თუმცა ემოციური გონიერების თვალსაზრისით მეისონ უფროსზე, მამაზე მინდა ვისაუბრო. ფილმის დასაწყისიდანვე ჩნდება განცდა, რომ ამ ადამიანს აკლია თვითრეგულირების უნარ-ჩვევები.

თვითრეგულირება თვითრეგულირება არის უნარი მართო შენი ემოციები, არ გახდე შენი ყველა იმპულსის ყურმოჭრილი მონა. კარგად განვითარებული თვითრეგულირების მქონე ადამიანები ახერხებენ რთულ გამოწვევებთან გამკლავებას საკუთარი ემოციების მართვის მეშვეობით, მათ შეუძლიათ სტრესული სიტუაციების დაძლევა, იმედგაცრუებისა და მარცხის გადატანა. ასეთ ადამიანებს უფრო მაღალი სტრესმედეგობა აქვთ.


ფილმის დასაწყისში მესიონი უფროსი ფაქტიურად არ არის ჩართული შვილების ცხოვრებაში. ბავშვებს მამა თითქმის წელიწადნახევარი არ უნახიათ და ძალიან ენატრებათ. მეისონ უფროსი ალიასკაზე ცხოვრობს, იმ დროს, როცა მისი ყოფილი ცოლი მარტოკა ცდილობს შეათავსოს მუშაობა, სწვალა და ბავშვების აღზრდა ტეხასის შტატში. მეისონ უფროსი ამას ამართლებს იმით, რომ „საკუთარი თავი უნდა ეპოვა.“ გვერდიდან კი ეს ჩანს როგორც გაქცევა - ახალგაზრდა იყო, როცა შვილები გაუჩნდათ, შეეშინდა და გაიქცა, მიუხედევად იმისა, რომ იცის - ოჯახის მიტოვება უსამართლო და ეგოისტური ნაბიჯია, მაგრამ საკუთარ ემოციებზე ვერ თქვა უარი.


ემპათია

მაგრამ დგება დღე, როცა მეისონ უფროსი ბრუნდება ტეხასში და ცდილობს ურთიერთობა ააწყოს შვილებთან. ვუყურებდი და ვფიქრობდი - რა ადვილია ადამიანი განსაჯო და შეცდე, როცა ცალმხრივად აფასებ მოვლენებს. აქ დავინახე, რომ მეისონ უფროს თურმე ემპათიის უნარი ჰქონია და ცდილობს შვილსაც აუხსნას და ასწავლოს.

ემპათია ანუ თანაგანცდა ნიშნავს სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარს. იყო დრო, როცა მეგონა, რომ ადამიანები ამ უნარით ან იბადებიან და აქვთ, ან არა აქვთ და ამის შეძენა შეუძლებელია ☺, მაგრამ როცა ფსიქოლოგიის და განსაკუთრებით ემოციური გონიერების შესწავლა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ თურმე ვცდებოდი. შესაძლებელია გააზრებულად განვავითაროთ ეს უმნიშვნელოვანესი კომპეტენცია. ამაზე მე აუცილებლად ცალკე პოსტს მოვამზადებ.


ემოციური გონიერების ჭრილში რა გაკვეთილი შეიძლება გამვიტანოთ ამ ფილმიდან? ჩვენი ემოციური გონიერება არ არის ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული. ობიექტური ცხოვრებისეული გარემოებები, ჩვენი მსოფლმხედველობა, აზროვნების სტილი, ურთიერთობები და უამრავი სხვა რამ ახდენს ზეგავლენას ჩვენს ემოციური გონიერების კომპეტენციებზე! ასე, რომ, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ემოციური გონიერების კოეფიციენტი მოცემულ მომენტში, ისევე როგორც ამ ფილმის პერსონაჟი, თქვენც შეგიძლიათ განივითაროთ ემოციური გონიერების კომპეტენციებს.



ფილმის მთავარი გმირი - ენდი ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მუსიკალური კონსერვატორიის ახალი სტუდენტია. ენდის ოცნებაა ჯაზის დასარტყამი ინსტრუმენტების დიდოსტატი გახდეს ისევე, როგორც მისი გმირი - ბადი რიჩია. ასევე, სურს ანსამბლის ხელმძღვანელის და მასწავლებლის - ფლეტჩერის პატივისცემა დაიმსახუროს, რომელიც ფაქტიურად, ფსიქოლოგიური ომის პირობებს უქმნის, მაგრამ ანდის ემოციური გონიერების ერთ-ერთი კომპეტენცია - თვითმოტივაცია ძალიან მაღალ დონეზე აქვს განვითარებული და ეს ეხმარება გადალახოს ყველა სირთულე, რომელსაც ცხოვრება უყენებს მისი ოცნებისკენ სავალ გზაზე.


თვითმოტივაცია ენდის ერთადერთი საფიქრალი და სურვილი არჩეულ საქმეში დაოსტატებაა. რაც უფრო მეტად აბულინგებს და აბუჩად იგდებს ფლეტჩერი, მით უფრო გულმოდგინედ მუშაობს ენდი. რა თქმა უნდა, პატივისცემას იმსახურებს, როცა ხედავ, როგორ ერთგულად და გულმოდგინედ მიუყვება ენდი არჩეულ გზას.


ტრენინგებზე ხშირად ვუსვავ ხოლმე ხაზს თვითმოტივაციის უნარის განვითარების მნიშვნელობას. თუმცა, როცა ამ ფილმს ვუყურებდი, კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს წონასწორობას, ჩვენი პიროვნების, ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს შორის ჰარმონიას. ენდი, რომელსაც ერთის მხრივ ასეთი განვითარებული თვითმოტივაცია აქვს, სრულიად ხისტი და მოუქნელია სოციალური უნარების სფეროში. მართალია ფილმის ბოლოს ის ამტკიცებს, რომ ფენომენალური მუსიკოსია, რაც რა თქმა უნდა მისი თავდადების და შრომის შედეგია, ენდის მამის გარდა არავი ჰყავს ვინც ამ სიხარულს გაიზიარებდა. მან მოახერხა და თავად გაირიყა თავი ყველასაგან. და სწორედ აქ ჩანს მისი სოციალური უნარების განუვითარებლობა.

სოციალური უნარები

ეს არის უნარების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ემპათიას და სხვების საჭიროებების საკუთართან შეჯერების უნარს, სხვებთან საერთო ენის გამონახვის, თანამშრომლობის გარემოს შექმნისა და დარწმუნების უნარს. სოციალური უნარები პირდაპირ კავშირშია ადამიანის თვითშეფასებასა და თავადჯერებულობასთან.


ემოციური გონიერების ჭრილში რა გაკვეთილი შეიძლება გამვიტანოთ ამ ფილმიდან?

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ეს ფილმი ჩემთვის ზომიერების, წოასწორობის შესახებაა. ყველას გვჭირდება თვითმოტივაცია, მარამ ურთიერთობები გადამწყვეტია ჩვენი ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებსიათვის. ეს არის ის, რაც ახალგაზრდა ენდიმ ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს. აი აქ თვითგაცნობიერება იქნებოდა მისთვის გადამწყვეტი. აუცილებლად გვჭირდება საკუთარ თავში ჩაღრმავების, რეფლექსიის, გააზრების უნარი და სხვებისგან უკუკავშირის მიღების და მისი გამოყენების სურვილი თუ გვინდა საკუთარი ემოციური უნარ-ჩვევების სრული სურათი დავინახოთ და მოვახერხოთ ჩვენი ემოციური გონიერების სხვადასხვა კომპეტენციების ჰარმონიული განვითარება.

საინტერესო კინოსეანსებს გისურვებთ და ველი თქვენი ფილმების ჩამონათვალს, რომელიც ემოციური გონიერების ამა თუ იმ კომპეტენციაზე დაგვაფიქრებს და დაგვეხმარება მათ განვითარებაში.



 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page