3 მნიშვნელოვანი უნარი ჯანსაღი და ბედნიერი რომანტიული ურთიერთობებისთვის
- Kety Zhvania-Tyson

- Mar 5, 2021
- 5 min read
როგორც დაგპირდით, მე და ჩემი მეუღლე ვიწყებთ „ახლო ურთიერთობების მეცნიერებისა და ხელოვნების“ საგანმანათლებლო პროგრამას. ამ რუბრიკაში გაგიზიარებთ სფეროში არსებულ მეცნიერულ კვლევებს.
„შეიძლება ვიცოდეთ რას ნიშნავს და როგორ გამოიყურება ჯანსაღი ურთიერთობები, მაგრამ ადამიანების დიდ ნაწილს წარმოდგენაც არ აქვს როგორ შექმნას, როგორ დაამყაროს ასეთი ურთიერთობები - და სამწუხაროდ არც არავინ გვასწავლის ამას.“ - აი ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა TEDxSBU -ზე ნიუ იორკის სტოუნ ბრუკის უნივერსიტეტის კლინიკური ტრენინგების დირექტორმა და ფსიქოლოგიის პროფესორმა ჯოანე დავილამ. ეს არაჩვეულებრივი მასალა გამიზიარა ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ და მეგობარმა - ფსიქოლოგი და მკვლევარი ჯოანე დავილას TED გამოსვლა რომანტიული ურთიერთობებისთვის საჭირო კომპეტენციების შესახებ.
ვუსმენდი მის გამოსვლას და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, რომ აუცილებლად გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ ადამიანებთან საუბარი, რათა დავიჯეროთ, რომ ბედნიერი ურთიერთობა თავისით კი არ ხდება, და შესაბამისად მხოლოდ ბედ-იღბალზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ თავად ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ძალისხმევით შევქმნათ, მაგრამ ამისთვის ჯერ: 1. უნდა დავიჯეროთ, რომ ეს შესაძლებელია, და 2. ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რათა განვავითაროთ საჭირო კომპეტენციები.
ძირითადად მხოლოდ ორ შემთხვევაში იწყებენ ადამიანები ამაზე საუბარსო, გვეუბნება ჯოანე - ან ფსიქოთერაპევტის კაბინეტში, როცა უკვე უამრავი წყენა და ტკივილია დაგროვილი და მკურნალობაა საჭირო, ან ქორწინების წინასაქორწინო კონსულტაციისას, როცა ყველაფერი ვარდისფერი გვეჩვენება. ეჰ, გავიფიქრე, ჩვენთან ფსიქოთერაპიაზე კიდევ შეიძლება ერთი-ორი ადამიანი ნახო, მაგრამ წინასაქორწინო კონსულტირება-ტრენინგი?! თვითონ ის აზრი, რომ „სიყვარულს“ სწავლა სჭირდება, ბევრისთვის მკრეხელურია!
56 წლის ასაკში საკმაოდ საინტერესო გამოცდილება დავაგროვე, ბევრი რამ გადავაფასე, ჩემი მიზანმიმართული კვლევის საგანი გავხადე ეს თემა, და სრულიად ვეთანხმები ჯოანეს იმაში, რომ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის განსაზღვრული კომპეტენციები გვჭირდება (კომპეტენცია ნიშნავს ცოდნას მოცემული საგნის შესახებ, ამ ცოდნის განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს და შესაბამის დამოკიდებულებას).
დოქტორ დავილა და მისი კოლეგები სწავლობენ ე.წ. „რომანტიულ კომპეტენციებს“, და როგორც თავად აღწერს, ეს არის უნარი შესაბამისად იმოქმედო ურთიერთობების ყველა ასპექტსა ან სფეროში, როგორიცაა იცოდე თავად შენ რა გინდა, მოძებნო შენთვის სასურველი და შესაფერისი მეწყვილე, ააშენო და შეინარჩუნო ჯანსაღი ურთიერთობები და გამოხვიდე ურთიერთობიდან თუ მას არაჯანსაღი ფორმა აქვს.
ჯოანე დავილასა და მისი კოლეგების აზრით სამი ძირითადი უნარ-ჩვევაა რომანტიული კომპეტენციების უკან: გამჭრიახობა, ორმხრივი ურთიერთობა და ემოციების რეგულირება. „მინდა გითხრათ, რომ ეს დასკვნა თითიდან არ გამოგვიწოვია,“ - განმარტავს მკვლევარი. „ჩვენ ეს უნარ-ჩვევები ჩაღრმავებული კვლევებისა და სხვადასხვა თეორიების შესწავლის მერე ჩამოვაყალიბეთ.“ ჯანსაღ ურთიერთობებზე არსებულ ძირითად თეორიებსა და კვლევებში გამოკვეთილი საერთო მახასიათებლები ამოიღეს მკვლევარებმა და სწორედ იმიტომ, რომ საერთო მახასიათებლები არსებობს, დარწმუნებულები არიან, რომ ამ უნარების განვითარება დაეხმარება ადამიანებს, არა მხოლოდ იმათ, ვინც უკვე დაწყვილებულები არიან, არამედ იმათაც, ვინც ახლა აპირებს ურთიერთობებში შესვლას.
პირველი უნარი არის გამჭრიახობა - ინგლისურად insight (უნარი სიღრმისეულად გავუგო რაღაცას ან ვიღაცას). თუ ეს უნარ-ჩვევა განვითარებული გაქვს, გვეუბნება მეცნიერი, უკეთ ერკვევი იმაში, თუ ვინ ხარ, რა გჭირდება, რა გინდა, და რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. მაგალითად ცოტა მაღალ ტონებში ესაუბრებით თქვენს პარტნიორს, „თუ განვითარებული გაქვთ ეს უნარი, შეიძლება მიხვდეთ, რომ პარტნიორი ამ დროს არაფერ შუაშია, ის არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაგძაბოს და გაგანერვიულოს; უბრალოდ თავად ხარ სამსახურით დასტრესილი, და პრინციპში რაც გჭირდება, არის მოდუნება, დასვენება რათა ეს სტრესი თქვენს ურთიერთობებშიც არ გადმოიტანოთ.“
თუ გამჭრიახობა განვითარებული გაქვთ, თქვენ შეძლებთ წინასწარ გამოიცნოთ, გათვალოთ თქვენი ქცევის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. როცა ჩემს მეუღლეს დილით სპეციალურად ჩემთვის გამზადებული ყავა შემოაქვს, რომელშიც სწორედ იმდენი ბეილისი და იმდენი შაქარია მე რომ მიყვარს და ჩემი საპასუხო სამადლობელო - „როკი, შემოგევლე შენ!“ ორივეს ბედნიერად და დაფასებულად გვაგრძნობინებს თავს. მაგრამ თუ სახლში დაბრუნებულს მავიწყდება მადლობა გადავუხადო იმაზე, რაც გააკეთა, მაგალითად დარეცხილი ჭურჭელი, და ყურადღებას მხოლოდ იმაზე ვამახვილებ, რაც დაავიწყდა, მაგალითად ნარჩენების გატანა, ბუნებრივია, რომ გული ეტკინება, ეწყინება და ეს სადღაც აუცილებლად ამოხეთქავს.
„გამჭრიახობის განვითარება დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ თქვენს პარტნიორს,“ ამბობს ჯოანე. „წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პარტნიორი პაემანზე დაგვიანებით მოვიდა. თუ ეს უნარი განვითარებული გაქვთ, მაშინ გეცოდინებათ რატომ მოიქცა ასე. მაგალითად, შესაძლოა, რომ უბრალოდ ასეთი ჩვევა აქვს - ყველგან და ყოველთვის აგვიანებს. ასე რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს თქვენს ურთიერთობების ხარისხთან.“
მეორე უნარ-ჩვევა არის ორმხრივი ურთიერთობა (Mutuality). ეს არის უნარი, იცოდე და შეგეძლოს იმისი მიღება, რომ ურთიერთობაში მყოფ ორივე ადამიანს თავისი საჭიროებები გააჩნია. თუ ეს უნარი განვითარებული გაქვთ, მაშინ შეძლებთ საკუთარი საჭიროებების მკაფიოდ და გასაგებად გაზიარებას, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს თქვენი საჭიროებები დაკმაყოფილდება.
მაგალითი, რომელიც მეცნიერმა მოიყვანა, კარგად აჩვენებს როგორ შეიძლება საკუთარი სურვილების გაზიარება. „წარმოიდგინეთ, რომ ოჯახურ შეხვედრაზე უნდა წახვიდეთ, და წინასწარ იცით, რომ თქვენთვის დაძაბული, არასასიამოვნო გარემო იქნება. შეგიძლიათ პირდაპირ უთხრათ მეუღლეს: ‘ხომ იცი, სტრესული იქნება ჩემთვის ის სიტუაცია. ძალიან მინდა, რომ შენც წამოხვიდე. ჩემს გვერდით რომ ხარ, თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ ხოლმე. გაქვს რამე შანსი საქმეები გადაალაგო და დრო გამოითავისუფლო რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე?’
ბუნებრივია ორმხრივი ურთიერთობა თქვენი მეწყვილეს საჭიროებების პატივისცემა-დაკმაყოფილებასაც მოიცავს. „ვთქვათ თქვენს მეწყვილეს ძალიან უყვარს დილით ადრე სავარჯიშოდ დარბაზში სიარული. ამის მერე მთელი დღე თავს კარგად გრძნობს და ამაღლებულ განწყობაზეა. თუ თქვენ ორმხრიობის უნარი განვითარებული გაქვთ, ეს საშუალებას მოგცემთ შეძლოთ მხარი დაუჭიროთ მის სურვილს, თუმცა ამ დროს თქვენ თავად შეიძლება გერჩივნოთ, რომ სახლში დარჩეს და საწოლში იყოს თქვენთან ერთად.“
„ორმხრივი ურთიერთობის უნარი საშუალებას მოგცემთ აგრეთვე, რომ ორივეს საჭიროებები გაითვალისწინოთ საერთო გადაწყვეტილებების მიღებისას. ვთქვათ მაგარი სამსახური შემოგთავაზეს, რომელსაც სიამოვნებით დათანხმდებოდით. მაგრამ იცით, რომ გაცილებით მეტი მუშაობა მოგიწევთ, არადა თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად ყოფნას, დროის ერთად გატარებას. თუ თქვენ ამ ფაქტორების გათვალისწინების უნარი გაქვთ, შესაძლოა ასე მიმართოთ, ‘იცი, ძალიან მინდა ამ სამსახურზე დავთანხმდე, ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ერთობლივად გატარებული დროც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის. თუ დაგპირდები, რომ გადავინახავ, ყოველთვის გამოვნახავ ჩვენთვის დროს, დამიჭერდი მხარს რომ ავიღო ეს სამუშაო?’
მესამე - და ბოლო უნარ-ჩვევა არის ემოციების რეგულირება. „ეს არის თქვენს ურთიერთობებში წარმოქმნილი ემოციების რეგულირების უნარი. თუ ეს უნარი გაქვთ, შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას და რთულ სიტუაციებში საღად აზროვნების უნარს.“
ემოციების რეგულირება ნიშნავს, რომ განავითაროთ უნარი გაუმკლავდეთ იმ მომენტებს, სადაც, როგორც წესი, იძაბებით და მწყობრიდან გამოდიხართ. ჯოანე დავილას მოჰყავს მაგალითი, როცა თქვენი პარტნიორისგან საპასუხო ტექსტურ შეტყობინებას ელოდებით. „შეტყობინება არ მოდის. არადა ელოდებით. ნელ-ნელა იძაბებით, ფორიაქს იწყებთ. ყოველ 2 წამში ამოწმებთ ტელეფონს. ემოციური რეგულირების უნარი თუ გაქვთ განვითარებული, შეძლებთ უთხრათ საკუთარ თავს, ‘იცი რა? დამშვიდდი ახლა - როცა იქნება მიპასუხებს. არ არის საჭირო ყოველ ორ წამში ერთხელ ტელეფონის შემოწმება. გადავდებ ახლა გვერდზე, და იმაზე ვკონცენტრირდები, რაც გასაკეთებელი მაქვს.“
ემოციების რეგულირება ნებისმიერი ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა, არა აქვს მნიშვნელობა ეს რომანტიული ურთიერთობაა თუ პლატონური - რადგან გვეხმარება გავუმკლავდეთ არასასიამოვნო შეგრძნებებს და ამავე დროს შევინარჩუნოთ თვითპატივისცემა და არ დაგვავიწყდეს საკუთარი საჭიროებაც.
სამივე უნარია საჭირო ხარისხიანი ურთიერთობების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. გამოსვლაში მეცნიერმა მოიყვანა ქალის მაგალითი, რომელსაც პარტნიორმა ჰკითხა: - რას ისურვებდა დაბადების დღისათვის? ქალმა უთხრა: - არაფერი მინდაო. ჰოდა კაცმაც არაფერი მოუტანა. ალბათ ხვდებით ხომ რა მოჰყვა ამას? ქალი ძალიან გაბრაზდა, და სერიოზული ჩხუბი ჰქონდათ. რატომ? იმიტომ, რომ ქალს საჩუქარი უნდოდა რომ მიეღო, მაგრამ თვლიდა, რომ კაცს თვითონ უნდა გამოეცნო. ამას ფიქრების კითხვა ჰქვია, საშინელი იდეაა, და როგორც წესი, არასდროს მუშაობს. ქალს რომ ზემოთ მოყვანილი უნარები ჰქონოდა განვითარებული, მაშინ მისი გამჭრიახობა დაეხმარებოდა იმის გაცნობიერებაში, რომ თავად სულით და გულით სწადდა საჩუქრის მიღება, და თუ ამას არ მიიღებდა, სერიოზულად გაბრაზდებოდა.“
„გამჭრიახობა იმაზეც დააფიქრებდა, რომ მისი პარტნიორი ყოველ მის სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით იგებს ხოლმე. ორმხრივი ურთიერთობის უნარი საშუალებას მისცემდა რომ ნამდვილად ის ეთხოვა, რაც გულით უნდოდა, პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ნათლად და გასაგებად. ხოლო ემოციების რეგულირების უნარი დაეხმარებოდა იმ გრძნობებთან გამკლავებაში, რაც ხელს უშლიდა ამის განხორციელებაში. იქნებ აფორიაქებული იყო: ‘რას იფიქრებს ახლა ის რომ ვთხოვო რაც მჭირდება?’ ან იქნებ თავს დამნაშავედ გრძნობდა. ‘ დიდი მოგზაურობისთვის ვაგროვებთ თანხას და შეიძლება ეგონოს, რომ ეგოისტურად მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ?’ მას რომ ეს უნარები გამოეყენებინა, შესძლებდა წყნარად და მშვიდად ეთქვა, ‘იცი რა? მართალია სამოგზაურო თანხას ვაგროვებთ, მაგრამ იმ დღეს რომ ვნახეთ ყელსაბამი, ძალიან, ძალიან მომეწონა, და არც ისე ძვირი იყო.’ დარწმუნებული ვარ პარტნიორი აუცილებლად იშოვიდა იმ ყელსაბამს. ქალი თავს დაფასებულად იგრძნობდა. კაციც ბედნიერი იქნებოდა. უფრო მეტი ინტიმურობის განცდა გაჩნდებოდა. დაბადების დღის საჩუქრის თემა მშვიდობიანად გადაწყდებოდა, ყოველგვარი ჩხუბის გარეშე.“
რომანტიული კომპეტენციების განვითარება შესაძლოა მძიმე შრომად მოგეჩვენოთ - მაგრამ უამრავი დადებითი შედეგი მოჰყვება და ნამდვილად ღირს თქვენს ძალისხმევად. 13-14 წლის გოგონებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მათ, ვისაც რომანტიული კომპეტენციები ჰქონდა განვითარებული თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდნენ ურთიერთობებისას, ნაკლებად ნერვიულობდნენ იმაზე, მოიწონებდნენ თუ არა, და გაცილებით მყარი მენტალური ჯანმრთელობა გააჩნდათ. 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების კვლევამ უჩვენა, რომ „რაც უფრო რომანტიულად კომპეტენტურები იყვნენ, მით უფრო მყარად გრძნობდნენ თავს ურთიერთობებში. აგრეთვე დაფიქსირდა ის, რომ უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ... უკეთ შეეძლოთ პარტნიორის მხარდაჭერა, საკუთარი საჭიროებების გამოხატვა და იმ დახმარების მიღება, რომელსაც მეწყვილე გთავაზობდათ.
არასდროს არის გვიან განავითაროთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც რომანტიული ურთიერთობებისთვის არის საჭირო. რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებთ ამ სამი უნარ-ჩვევის - გამჭრიახობის, ორმხრივი ურთიერთობის და ემოციების რეგულირების სწავლებას, მეტი შესაძლებლობა გექნებათ შექმნათ ბედნიერი, ჯანსაღი ურთიერთობები.
ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან გვიჭირს შესატყვისი ქართული ტერმინოლოგია ტრენერებსაც და ქოუჩებსაც, სწორედ ამას ვუზიარებდი დღეს საქართველოში წამყვან ლექსიკოგრაფს, ქალბატონ თინათინ მარგალიტაძეს, რომელმაც დახმარება აღმითქვა. აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ დავხვეწოთ სფეროში არსებული ტერმინოლოგია, მანამდე კი ბოდიშს მოგიხდით მეგობრებო.



Comments